ქალი სამხრეთ კავკასიის კულტურაში

 ქართული კულტურის გენდერული ანალიზი პოსტში წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ხალხთა ტრადიციული კულტურის გენდერული ანალიზი. კერძოდ, განხილული იქნება საოჯახო ყოფა ქალისა და მამაკაცის ქონებრივი და უფლებრივი სტატუსი ოჯახსა და საზოგადოებაში, შრომის გენდერული განაწილება, ქორწინების გენდერული ანალიზი. განხილული იქნება, აგრეთვე, საქართველოს მთაში გავრცელებული სქესობრივი ურთიერთობების წაწლობისა და სწორფრობის ინსტიტუტები. მოკლედ წარმოდგენილი იქნება, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გენდერული ცვლილებები როგორც ოჯახის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დონეებზე.

კავკასიის სახელმწიფოთა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და რუსეთის სამხრეთ ნაწილის (ჩრდილო კავკასია) ხალხთა კულტურა კოლექტივისტური ტიპისაა და სქესობრივ-გენდერული იდეოლოგიაც ტრადიციულია.

ტრადიციულად ქალი აქ დედისა და ოჯახის დიასახლისის როლით იყო შეზღუდული. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ბავშვების აღზრდა, ოჯახის მოვლა და შინა მრეწველობა, აგრეთვე, ტრადიციების დაცვა და ახალი თაობებისათვის მათი გადაცემა. ტრადიციული მენტალიტეტის მიხედვით ქალს, გარდა ამისა, მშვიდობის მყოფელის ფუნქციაც ენიჭებოდა, რაც ისტორიულად ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირებების მოგვარების ტრადიციულ ხერხებში ვლინდებოდა.

                                                                    “უფროსი ქალი”

კავკასიური ნორმაა ოჯახის უხუცესი ქალის ინსტიტუტი. მას ებარა ოჯახის მიერ მთელი წლის განმავლობაში მოწეული სურსათ-სანოვაგის და ფულადი სახსრების შენახვა, საჭმლის მომზადება, სანოვაგის და შრომის თანაბარი განაწილება რძლებისა და შვილების ოჯახებისთვის მისი სულადობის, ასაკის და სქესის მიხედვით. ქალის სტატუსი რეგულირდებოდა ტრადიციული სამართლის ნორმებით (ადათებით, უხუცესთა საბჭოების გადაწყვეტილებებით, მუსულმანურ ნაწილში – შარიათით) და ოფიციალური სამართლის ნორმებით -სამართლის წიგნებით (დაწყებული მე-11 ს. -დან).

სამხრეთ კავკასიაში ქალის ყოფითი და საზოგადოებრივი ურთიერთობების შესასწავლად მნიშვნელოვანია კავკასიური ოჯახის განხილვა, რადგან სწორედ ოჯახი წარმოადგენდა, ჩვეულებრივ, ქალის მოღვაწეობის ერთადერთ ასპარეზს. ზოგადკავკასიური ოჯახის ტიპი მოიცავს რიგ თვისებებს: ოჯახის „უფროსი მამაკაცის“ განუსაზღვრელი უფლებები ანუ ოჯახის მართვის ავტორიტარული ფორმა, უფროს-უმცროსობის ინსტიტუტი, ოჯახის წევრთა სტატუსის იერარქიულობა, ქალის დამოკიდებული მდგომარეობა, „უფროსი ქალის“ ძალაუფლება დანარჩენ ქალებზე, შრომის მკაცრი სქესობრივ-ასაკობრივი განაწილება, „განრიდებისა“ და „უმძრახობის“ წეს-ჩვეულებათა დაცვა.

ქალის უფლებრივ მდგომარეობის ერთ ასპექტს „უფროსი ქალის“ მაღალი სტატუსი წარმოადგენდა, ხოლო მეორეს – კი დანარჩენი ქალების უუფლებობა. შეიძლება ვილაპარაკოთ „უფროსი ქალის“ საერთოკავკასიურ მოდელზე, რომელსაც ახასიათებს რიგი საერთო ნიშნები. ესენია: «უფროსი ქალის» ნაკლებდასაქმებულობა ოჯახში, ქალების შრომითი საქმიანობის ორგანიზება, აღმზრდელობითი ფუნქცია, ტრადიციებისა და საწესჩვეულებო რიტუალების შესრულების ხელმძღვანლობა.

„უფროსი ქალი“ ითვლებოდა ერთმმართველად მხოლოდ შიდა საოჯახო საქმიანობის სფეროში. „უფროსი ქალის“ უფლებრივი მდგომარეობის გამოხატულების სიმბოლო იყო საოჯახო სურსათის შესანახი სათავსოს გასაღების მუდმივად თან ტარება და სურსათ-სანოვაგის განაწილება ოჯახის წევრებს შორის. ოჯახის „უფროსი ქალის“ ფუნქცია იყო, აგრეთვე, ოჯახური ტრადიციების თაობიდან თაობაზე გადაცემა და ამდენად, შენახვა. «უფროსი ქალის» უფლებები ვლინდებოდა საოჯახო ხალხურ ეტიკეტშიც: მამაკაცები მას პატივს სცემდნენ, იგი საოჯახო საქმეების გარჩევაში მონაწილეობდა, სადავო სიტუაციაში მის აზრს გადამწყვეტი თუ არა, გასათვალისწინებელი მნიშვნელობა მაინც ენიჭებოდა.

ჩვეულებრივ, „უფროსი ქალი“ იყო ის ერთადერთი ქალი (გარდა ბავშვებისა), ვისთანაც ურთიერთობდა ოჯახის „უფროსი მამაკაცი“. „უფროსი ქალი“ იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ოჯახში, რომ მისი სტატუსი და ავტორიტეტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა საერთოდ ოჯახის სტატუსსა და ავტორიტეტს.

მემკვიდრეობის საკითხი

სამართლის ნორმებში დეტალურად იყო განსაზღვრული ქალის ოჯახური და ქონებრივი უფლებები. მთაში ქალის მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა, მას აძლევდნენ მზითვს, რომელიც შემოიფარგლებოდა ქალის ტანსაცმლით და ხელსაქმის ყუთით. ბარში, შედარებით შეძლებულ ოჯახებში ქალს მემკვიდრეობაში აძლევდნენ მიწას.

ჩვეულებრივ ქალი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა. თუმცა საქართველოს ოქროს ხანაში 12ს. – ში ქვეყანას ქალი (თამარ მეფე) მართავდა. გარდა ამისა, კავკასიაში ძალიან ხშირად დედოფალთა და თავადის ქალთა პიროვნული გადაწყვეტილებები ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ქვეყნის ბედსა და პოლიტიკურ ცხოვრებას. ამდენად, ისტორიულად კავკასიელი ქალი რელიგიის, ზნეობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ფუნქციას ატარებს. მაღალი წრის ქალების სარწმუნოების, ენისა და ერის გადარჩენისათვის ჩადენილი გმირობების ისტორიული და ისტორიულ-ლიტერატურული მაგალითები კავკასიაში ახალი თაობების აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ინსტიტუტია.

თანამედროვე მდგომარეობა

მე-19 ს.-ის მეორე ნახევრიდან კავკასიაში კაპიტალიზმის შემოჭრასთან ერთად ქალს უკვე კანონით ეკუთვნოდა მემკვიდრეობიდან წილი. ეს იყო მცირე მიწის ნაკვეთი. ამავე დროს, კავკასიის მთიან სასაზღვრო და გზისპირა რეგიონებში გაჩნდა წესი – გათხოვებისას ქალისათვის ოჯახიდან მცირე კაპიტალის გატანება (საქართველოში – „სათავნო“, სომხეთში – „არნეგინი“). ამ უკანასკნელს ან პირუტყვის ან ფულის სახე ჰქონდა, რომლისგანაც მიღებულ მოგებასც (რძის, ყველის, მატყლის და სხვ. გაყიდვით ან მევახშოებით) ქალის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, ქალი ამ ქონებას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით განკარგავდა. „სათავნოსა“ და „არნეგინის“ წესი ქალს შედარებით ფინანსურ თავისუფლებას აძლევდა ოჯახში. ამდენად, ქალი უკვე აღარ იყო ისეთი შეზღუდული ოჯახში, როგორც ეს ფეოდალური წყობის დროს იყო.

მე-19ს.-ში დაიწყო, აგრეთვე, მეტად მძლავრი ქალთა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც სათავეში მაღალი წრის ქალები ედგნენ. მისი მიზანი იყო დაბალი ფენებისათვის ქველმოქმედება, წერა-კითხვისა და ხელსაქმის სწავლება. საბჭოთა კავშირის პერიოდში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა ოფიციალური იდეოლოგიით პროპაგანდირებული და კანონმდებლობით განმტკიცებული იყო. მმართველობის უმაღლეს ორგანოში – უმაღლეს საბჭოში ქალი დეპუტატებისათვის 38-40%-იანი კვოტა არსებობდა; საბჭოთა კავშირში 1948 წლიდან არსებობდა ოფიციალური და ერთადერთი ქალთა ორგანიზაციაც – ქალთა საბჭო, რომელსაც ცენტრალიზირებული მმართველობა და ქსელური სტრუქრურა ჰქონდა. ქალისათვის მამაკაცთან თანასწორად ხელმისაწვდომი იყო განათლების სისტემის ყველა საფეხური, ნებისმიერი პროფესია და მოღვაწეობის სფერო. მიუხედავად ამისა, ქალის ინტაგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაინც ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც რეალური პოლირიკური გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალები არ ინიშნებოდნენ. ქალის მიერ არჩეულ პროფესია და მოღვაწეობის სფერო მაინც ტრადიციულ ჩარჩოებში რჩებოდა. არსებობდა ტრადიციული მენტალიტეტით განსაზღვრული ქალის პრესტიჟული პროფესიები, როგორიცაა მაგალითად, აღმზრდელი, პედაგოგი, ექიმი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიის მშენებლობის პროცესი დაიწყო. 1991 წლიდან კავკასიაში შეიქმნა ქალთა პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოსტსაბჭოთა პერიოდში მკვეთრი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე აღმოცენდა. თავდაპირველად ქალთა ორგანიზაციები ძირითადად ქალთა ტრადიციული ფუნქციის გაძლიერებით იყვნენ დაკავებულნი და მათი მოღვაწეობა საქველმოქმედო, მშვიდობის მყოფელი ან დაუცველ ფენათა დახმარების პროგრამებით შემოიფარგლებოდა.

1995 წელს კავკასიის ყველა ქვეყანა შეუერთდა კონვენციას „ქალის მიმართ დისკრიმინაციიის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. (CEDAW). შეიქმნა მუდმივმომქმედი სპეციალური სახელმწიფო კომისიები, რომელთა ფუნქციაა სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის შემუშავება და გატარება. ქალთა მოძრაობის საგრძნობი გააქტიურება გამოიწვია ასევე ბოლო წლებში დასავლეთთან კონტაქტების ზრდამ, უცხოური ფონდების დახმარებამ და სამოქალაქო კულტურის განვითარებამ. დღეს კავკასიის ქვეყნებში არსებობს მძლავრად განვითარებული ქალთა ორგანიზაციები (დაახ. 150-170 მომქმედი ორგანიზაცია), რომლებიც ქალთა საკითხის თითქმის ყველა სფეროს მოიცავენ. ბოლო 3-4 წელიწადია, რაც კავკასიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო გენდერის სხვადასხვა ასპექტების სწავლება, მაგრამ ჯერჯერობით ეს სფერო მაინც ნაკლებადაა განვითარებული. კავკასიის დიდ ქალაქებში არსებობს გენდერისა და ქალთა უფლებების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიც.

მიუხედავად ქალთა არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ფონდების დიდი ძალისხმევისა კავკასიაში ქალთა მოღვაწეობა ფემინისტური მოძრაობის სახით არ ჩამოყალიბდა. რეგიონში კვლავ ძლიერია ტრადიციული კულტურის გავლენა და კავკასიის ქვეყნები ჯერ კიდევ შორსაა გენდერული თანასწორობისაგან. მართალია კავკასიელი ქალები გასცდნენ ქალის ტრადიციულ როლს და აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ შრომისა და დასაქმების ბაზარზე, ისევე, როგორც ქვეყნის მმართველობის სტრუქტურებში მათთვის ნაკლებად მისაწვდომია გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობები.

თუმცა კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში – საქართველოში, 2002-2004 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე და შემდეგ კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი იყო (ნინო ბურჯანაძე, რომელიც დღემდე პარლამენტის თავმჯდომარეა), მაგრამ ქალთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სისტემურ ხასიათს არ ატარებს (ასე, მაგ. კავკასიის ქვეყნების პარლამენტში ქალი დეპუტატები საშუალოდ 12%-ს შეადგენენ). აღსანიშნავია ისიც, რომ თვით კავკასიელი ქალების უმეტესობა გამოკითხვისას პრიორიტეტს მაინც ტრადიციულ როლებს ანიჭებს. გამონაკლისს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა, რომელისთვისაც პრიორიტეტულია საკუთარი პროფესიონალიზმი და განვითარება. გენდერული უთანასწორობა და ქალთა უფლებების დისკრიმინაცია განსაკუთრებით ძლიერია კავკასიის მუსულმანურ ნაწილში, აგრეთვე, პროვინციებში და კონფლიქტის ზონებში, სადაც ქალების უმრავლესობა ჯერ კიდევ ტრადიციული გენდერული როლებითაა შემოფარგლული და ხშირად ხდებიან ძალადობის – ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების, ვაჭრობის, ოჯახური ძალადობისა და ა.შ. მსხვერპლნი.

წიგნიდან: მზია წერეთელი – ”გენდერი: კულტურული და სოციალური კონსტრუქტი

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s