არტ-ხელოვნება: სპექტაკლი, რომელიც მეგობრებთან ერთად უნდა ნახო

დიდი ხანია მინდოდა მარჯანიშვილის თეატრში წასვლა და   “არტ-ხელოვნების” ნახვა, მაგრამ ეს სიამოვნება ბევრჯერ გადაიდო და როგორც იქნა, გუშინ  მოვახერხე :)

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს თემურ ჩხეიძის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მინიმალურადაა გამოყენებული  დეკორაცია და მუსიკა, მე ასეთი ღრმა და ემოციებით  “დატვირთული” პიესა ბევრი არ მინახავს. მთელი ყურადღება გადატანილია სამ მთავარ გმირზე, სამ ბავშვობის მეგობარზე, რომლებსაც  წლების მანძილზე ერთმანეთისაგან განსხვავებული აზროვნება – გემოვნება ჩამოუყალიბდათ და მაყურებლისთვის საინტერესოა ის, თუ რამდენად ძლიერი აღმოჩნდება ეს მეგობრობა. შთამბეჭდავი იუმორი, ნაცნობი სიტუაცია ნამდვილად დააფიქრებს ნებისმიერ თქვენგანს და შეიძლება ამ უახლოეს  ურთიერთობებში საკუთარი შეცდომებიც აღმოაჩენინოს.

სპექტაკლის მთავარი თემაც სწორედ ესაა: მეგობრების გაუცხოება და ასევე თანამედროვე ხელოვნების აბსურდული ნიმუში, რადგან მეგობრების კამათის ძირითადი მიზეზი ანტრიაძის თეთრი ფერის ტილოა, თეთრი სიცარიელე, რომელიც ერთ-ერთმა მეგობარმა ძალიან ძვირად შეიძინა და ცდილობს დანარჩენენი ორიც დაარწმუნოს “შედევრის” უნიკალურობაში. ამ ორიდან ერთისთვის სულერთია ეს ტილო, რადგან მხატვრობაში ვერ ერკვევა, მეორესთვის კი უბრალოდ ნაგავი.

სერგო: “იცი ეს ვინ დახატა?  ა ნ ტ რ ი ა ძ ე მ!..

ვანიკო: “უი ანტრიაძეეემ? საოცარია…”

მამია: “ანტრიაძე ვინ ოხერია?!..”

სერგო: “შენ ეგრე იძახე და ამ ტილოს მალე მუზეუმში დაკიდებენ”

თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემელი მიშა გომიაშვილია (სერგო), რომელიც ყველა გამოფენაზე “დაძვრება” და ცდილობს, მოსწონდეს ყველაფერი, რაც იმ წუთასაა პოპულარული. რაც მთავარია მას სჯერა, რომ ეს ყველაფერი მომავალში შედევრად იქცევა , ისევე როგორც ნებისმიერი კლასიკოსის ნაწარმოები.

ზურა ყიფშიძე (მამია) ამ გატაცების გამო დასცინის სერგოს და არ შეუძლია ვანიკოსავით (ალეკო  მახარობლიშვილი) კომპრომისზე წავიდეს და სერგოს დაეთანხმოს”უთანამედროვესი  მკვდრად შობილი გვამის” შედევრობაში, რომელიც “ალბინოსის მოჯმულსა ჰგავს” :)  აქედან იწყება კონფლიქტი,  ძველი წყენების გახსენება და  “ეფექტური თავზარდაცემა”: აღმოჩნდება, რომ მამიას და ვანიკოს არ მოსწონთ სერგო თავისი ამოჩემებული “შედევრებით”,  სერგოს და მამიას კი არ მოსწონთ, ვანიკოს დამყოლი ხასიათი და  მისი კომპრომისები, რამაც  იძულებით ქორწინებამდე მიიყვანა.  ხოლო სერგოს და ვანიკოს მამია მიაჩნიათ ეგოსიტად, ხოლო მისი შეყვარებული ლაურა – ქაჯად, რომელიც “ხელებს უაზროდ პარჭყავს” და სულაც არაა მამიასათვის შესაფერისი ქალი.

ერთმანეთის შეურაცხოფა სპექტაკლის ფინალამდე გრძელდება, მაგრამ არის შერიგების მცდელობებიც.  მიუხედავად ამ გმირის უაზრო კომპრომისებისა, მე მაინც ალეკო მახარობლიშვილს გამოვყოფდი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს შეინარჩუნოს ეს მეგობრობა საკუთარი, ნამდვილი სახის დაკარგვის ფასადაც კი. ის წუხს, რომ “მხოლოდ საკუთარ თავზე ვლაპარაკობთ მხოლობით რიცხვში და ვამბობთ “მე-“ს “ჩვენ”-ის ნაცვლად”. ვანიკო ასევე  დადის ფსიქიატრთან და მეგობრებს უზიარებს ფსიქიატრის ნააზრევს:  “თუ შენ ხარ შენ იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და მე ვარ მე იმიტომ, რომ მე ვარ მე, მაშინ შენ ხარ შენ და მე ვარ მე. მაგრამ თუ შენ ხარ შენ იმიტომ, რომ მე ვარ მე და მე ვარ მე იმიტომ, რომ შენ ხარ შენ, მაშინ შენ არ ხარ შენ”. ამ უაზრო ლოგიკაზე სამივე მეგობარს ეცინება და ფსიქიატრს შეშლილად თვლიან, მაგრამ ამ ფრაზაში ნათლადაა გამოხატული ის თუ რა ემართება ადამიანს დამახინჯებული კომპრომისების გაკეთების შემთხვევაში. სამწუხაროდ, რეალური შემთხვევები ბევრია ასეთი, როდესაც ერთი ყოველთვის თმობს და ეჩვევა ამ მდგომარეობას და არიან მამიასნაირი პრინციპულებიც, რომლებიც მეგობრის წყენინების ფასადაც კი ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ.

მინდა გაგახაროთ და გეტყვით, რომ საბოლოოდ ამ პიესაშიც მეგობრობა იმარჯვებს, რადგან სერგომ იმის ნიშნად რომ ეს მეგობრობა ყველა ტილოზე ძვირფასია, მამიას ლურჯი მარკერით დაახატვინა (და შემდეგ ჩუმად წაშალა)  ის “ნაჯღბანი”, რაც მამიას თქმით, ანტრიაძის შედევრს ნამდვილად სჯობდა, ხოლო ვანიკო ამ ღირსეული ნაბიჯის შემხედვარე ცრემლად დაიღვარა.

როგორც გითხარით მუსიკალური ფონი საერთოდ არაა პიესაში, მაგრამ ბოლოს ისმის ამაღელვებელი მშვიდი მელოდია, რომლის ფონზეც ამ თეთრი სიცარიელის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მამია საკუთარ ხედვას უზიარებს მეგობრებს: “თეთრი ღრუბლებიდან თეთრად ბარდნის… არც თოვლი მოჩანს არც ღრუბლები,  არც ცა და არც მიწა… ვიღაც კი თხილამურებით მოჰქრის ქვემოთ… ქვემოთ… სივრცეში…თოვს… თოვს… ამ ნახატში კაცი სივრცეს ჰკვეთს, ჰორიზონტს… თოვს… თოვს… თოვს…”

P.S.  ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ გარკვეული მიზეზების გამო სპექტაკლზე ჩემთან ერთად არ იყვნენ  საუკეთესო მეგობრები, თუმცა იმედი მაქვს ამას გამოვასწორებთ და შემდეგ ერთად განვიხილავთ  ჩვენს მიერ  დაშვებულ თუ დაუშვებულ შეცდომებს:) თქვენ კი აუცილებლად წაიყვანეთ  მეგობრები ამ პიესაზე და თუ ბოლოს თქვენც ამდენი ემოციისგან ცრემლი ჩემსავით მოგადგათ თვალებზე, არ გაგიკვირდეთ… ამ ტრაგიკომედიაში ხომ ცხოვრების ყველაზე დიდი ფასეულობა დევს, რომელსაც მუდამ გაფრთხილება სჭირდება.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s