თბილისური ზამთარი

რიყის პარკი

ხედი მეტეხიდან

გაყინული ტყუპები

ყინულის ლოლოებად ქცეული თითები

თბილისს ესტუმრა პირველი თოვლი…

დათოვლილი შემოდგომა

თოვლიანი ქუჩები

P.S. ფოტოები გადაღებულია 2012 წლის დეკემბერში.

ქალი გამოვიდა საღალატოდ

ოტია იოსელიანი რომ გენიალური მწერალია ამას მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ეს წიგნი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მაჩუქა, სიმართლე გითხრათ სათაურით დიდად ვერ მოვიხიბლე. მეგონა ერთი ბანალური რომანი იქნებოდა, ასეთივე ბანალურ სიუჟეტზე აგებული, მაგრამ ოტია იოსელიანის “ხათრით” მაინც გადავშალე. გადავშალე და  ვეღარც დავხურე მანამ სანამ წიგნის ბოლომდე არ მივედი.

რომანში ოტია ძალიან პირადულ და საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემას ეხება: ხომ გაგიგიათ ცოლ–ქმრის ამბავში სხვა არ უნდა ჩაერიოსო, ოტია კი ცდილობს დაგვანახოს იმ ქალის განცდები, რომელსაც ქმარმა უღალატა და ახლა თვითონაც მზადაა იგივე ჩაიდინოს. ჩვენ ვხედავთ ამ ქალის ცხოვრების მხოლოდ 1 დღეს, სიუჟეტიც ჩაკეტილია, მაგრამ მთავარი გმირის წარსულის მოგონებები და მისი აზროვნება საშუალებას გვაძლევს თამამად შევაფასოთ, როგორც ქალის, ისე მისი ქმრის, საუკეთესო მეგობრის და ძველი თაყვანისმცემლის პიროვნებები.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თანამედროვე ინტელექტუალური საზოგადოება, რომელიც ხშირად ქალის სულის სიღრმისეულ ხედვასა და მწერლობაზე საუბრობს, მხოლო ისეთ ცნობილ მამაკაც მწერლებს ახსენებს ხოლმე, როგორებიცაა: შტეფან ცვაიგი, გაბრიელ გარსია მარკესი, კობო აბე და ა.შ. მაგრამ რატომღაც ივიწყებს  გენიალურ ოტია იოსელიანის სახელს, რომელმაც ამ რომანით მკითხველი ნამდვილად  დააფიქრა ქალის ბედნიერებასა თუ უბედობაზე. თუმცა ოტია ხშირად ამბობდა: “თქვენ ინტელიგენტი ხალხი ხართ, ჩვენ კი გლეხებიო და ამით ადამიანს სიტყვა “ინტელიგენტის” მნიშვნელობასა და მის არარაობაზე დაგაფიქრებდა: ვინ უფრო ინტელიგენტი იყო ე.წ. ბომონდური ინტელექტუალური საზოგადოება თუ მაგალითად გალაკტიონი, რომელიც ფეხშიშველა დადიოდა ბალახზე?! ან თვითონ ოტია იოსელიანი, რომელიც გალაკტიონსაც კი ამეტებდა უბრალოებაში და ჩვეულებრივი რიგითი გლეხივით საკუთარ ბაღში ფუსფუსებდა და დროის უმეტეს ნაწილს სოფელში ატარებდა.

თავს არ მოგაბეზრებთ ოტია იოსელიანის პიროვნებაზე საუბრით და ჩვეულებისამებრ, გთავაზობთ ჩემს ბლოკნოტში ამოწერილ ფრაზებს წიგნიდან “ქალი გამოვიდა საღალატოდ”:

“ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა.”

“შურისძიება მსხვერპლშეწირვაა და ყველაზე მეტ მსხვერპლს შურისმაძიებელისაგან იღებს, შურისძიებულზეც მეტს.”

“წაიკითხავ ეკონომიკას და აღგზრდის, გაგანათლებს, გაგაჭკუიკოლოფებს, გამოაკლებ, მიუმატებ და ამიტ რაიმე მოგემატება? გაყოფ, გაამრავლებ და სულიერად ამაღლდები თუ გაცნობიერდები?გარდა იმისა, რომ ეს ციფრები ტვინიდან იმასაც გამოგაცლის, რაც მემკვიდრეობით ადამიანური გაგაჩნია..არ ვიცი, მოდი ვიკითხოთ, იქნებ არის ციფრებში რაიმე ზებუნებრივი, თუ ერთეულებში და ათეულებში არა, მაგრამ მილიონებში და მილიარდებში?… დარწმუნებული ვარ ამ ხალხს არც ლიტერატურის წაკითხვას დაუშლის ვინმე, მაგრამ რატომღაც მგონია, ლექსს რომ დახედავენ, უწინ იმას დაითვლიან, რამდენი პწკარია და, ალბათ დიდ ლექსს მაინც პატარა ურჩევნიათ–ყოველნაირად ეკონომიურია და მაგიტომ.”

“ამ დროსაა ის უსაზღვროდ საძულველი და გულის ამრევი. ამ დროს, როცა ვერაფერში ვეღარ შეედავები, როცა ის “წესიერია” და “მზრუნველი”, “მოსიყვარულე” და “გულკეთილი”, “დამთმობი” და “დამჯერე”. ამ დროს არ შეუძლია ცოლს ჯავრით ქვეყანაზე დაეტიოს, როცა ქმარი ყოველნაირ უსიამოვნებაზე დიდსულოვნად მიმტევებელი ხდება და მზადაა, ოჯახს, საქმესა და ქვეყანას მტლედ დაედოს. მისი გამქირდავი თვალები შემპარავი ფინიასავით გიცქერის და თვითკმაყოფილის ღიმილს შენდობის მავედრებელი მონანიებით ნიღბავს. ტუჩებს ილოკავს, და კუდს კი არ იძუებს და ლაჯებს შორის კი არ მალავს, აუპრეხია და ლაქუცითა და ქიცინით დაღლილს ზედ ფეხიც რომ დაადგა, არც შემოგიღრენს.”

“მურთხი… ვიტომ არაფრის მთქმელია ეს სიტყვა და ამ დროს ყველაფრის მომცველი, თითქოს რაიმე აზრს არ გამოხატავს და ამ დროს, შიგვეა ყველა გაიძვერობა და მუხანათობა, ქვემძრომობა და ქლესაობა, ნემსში მახათის გაყრა.. ეს მურთხები ზღარბებივით ეკლიანები როდი არიან, თუმცა დამრგვალება და თავ–ფეხის დამალვა ეხერხებათ. ნემსების მაგიერ ისეთი სლიპინა, ლორწოიანი გარსით არიან დაფარულნი, ხელში ვერ აიღებ, რომ მიწაზე დაახეთქო. ჩასაწიხლად რომ შედგე აუცილებლად ფეხი დაგიცდება და შეიძლება ზედვე დაეცე. უეკლო, გალოპრილი, უჯავშნო ვეება ლოკოკინებია, რომლებიც თონთხლო ლორწოს იდებენ და ჯავშნად იმ ზიზღს იკეთებენ, შენ რომ მიკარებისას იციან, გაგიჩნდება. პანღურიც რომ ამოჰკრა, წაღს მბზინვარე ლოპრით დაგითხუნავს და ვერც შორსს გააგდებ, რაკი შიგ არც სიცარიელეა და არც სიმკვრივე.

რაღაც უფორმო, თხიერი, ხრჭნადი მასითაა გაჩონთილი და რა უსწორმასწორო, ოღროჩოღრო, უფორმო ფუძეზეც უნდა ეგდოს, მასსა და საყრდენს შორის მუდამ უჰაერობას – ვაკუუმს ქმნის. საჩეჩელზეც რომ დაანარცხო, საჩეჩელის კბილებს კი არ ჩამოეცმება – ჩამოერგება.
მურთხებს როგორც ფერი და ფორმა არ აქვტ, ასევე არ გააჩნიათ თვალი და ყური, ენა და ყნოსვა. მურთხი ლაპარაკობს იმ ენაზე, რაზეც ის დევს და იმ თვალით იხედება და ესმის, რა საყრდენზეც გაითხლაპა. იმ რწმენითა და ურწმუნოებით “იცოცხლებს”, რაზეც დააგდებ და იმ ხორკლსა და ხაოს მოიკიდებს, რაზეც დაივანებს. იმ თვალებს დააჭყეტს და იმ ყურებს დაცქვეტს, რა თვალი და ყურიც დახვდა, მანამ აქ გაისუდრებოდა.
ესენი ისეთი მურთხებია, ვერც რწმენის ღალატს დასდებ ბრალად, ვერც მსოფლმხედველობის შეცვლას, რაკი არც ერთი და არც მეორე არასოდეს ჰქონია. მუდამ შენთან შენი იყო და სხვასთან – სხვისი. ცარიელი ჭურივით, მუდამ რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა. .. მათთვის არც ზნეობრივი სასჯელი არსებობს, მათთან რწმენა, აზრი, სიწმინდე და პატიოსნება შეურაცხყოფილია. ისინი მთელი არსებობით დასცინიან იმას, რისთვისაც ადამიანს ადამიანი ერქვა, ჰქვია და ერქმევა.
და როცა ღალატობ, მურთხს კი არა, საკუთარ თავს ღალატობ, რომ დაჰკარგო ის, რისთვისაც მისი არარაობით დაგცინის და არა თვალთახედვით…
შენ თუ ოჯახს ქმნი, რომელზეც ის “დევს”, მურთხს ოჯახის კაცი ჰქვია, თუ მურთხს ურემზე დასვამ – მეხრეა, თუ მანქანაზე – მძღოლი, კაბინეტში წამოასკუპებ და – თანამდებობის პირი…

მურთხები ის გარეწრები არინ ყოველნაირი მუხანათობით მონაპოვარს რომ ითავისებენ და ოცდაოტხნათურიან ბროლის ჭარს მაღლა რომ ჰკიდებენ, ქვევიდან მორცხვად კი არ შესცქერიან, ზედ ადიან და იქიდან იმზირებიან.
იმ გარემოს, რასაც შენ ერთგულებით და რწმენით ქმნი, ის გტაცებს და საკმარისია გამოეცალო, რომ სიფრიფანა საპნის ბუშტივით დაიფუკოს.. მაგრამ შენ? შენ უნდა იქცე არარაობად, რომ ისიც განიორწყლდეს, რაკი ის მხოლოდ და მხოლოდ შენს სახეს იღებს. შენ უნდა გაიწირო, რომ ის გასწირო, შენ უნდა დამახინჯდე, რომ ის დაასახიჩრო…”

“ჩვენს დროში “რომანტიკასა” და “რომანტიკოსებს” ლექსიკონში ვეძებთ ან ძველ რომანებში და სათავგადასავლო წიგნებში. დღეს ჩვენ “პრაქტიკოსები” ვართ, “გავნათლდით”, ანგარიში ვისწავლეთ, მაგრამ ახალგამომცხვარ სპეციალისტებს თავიდან ჰგონიათ, ა ახალგაზრდებს მძინარე თავმოყვარეობა, სანამ ცხოვრება წყალს გადაუწურავს, ახსენებს, რომ რაღაცა ხალხისტვისაც უნდა გააკეთოს. მარტო საკუთარ სტომაქში ცქერა ცხოველურია და კაცი, ბოლოს და ბოლოს, საქმით ფასდება(ვინც, რა თქმა უნდა, თავისი ფასი იცის).”

“ფიქრობ, რომ გარყვნილებას, გარყვნილებით დააოკებ, ბოროტებას ბოროტებით დათრგუნავ? ბოროტებას მუდამ სიკეთე უდგას დარაჯად და ქურს–პატიოსანი. მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ან თუნდაც ის, ვინც გაგქურდა, გგონია მპარავი არ ხარ?არ წაგიკითხავს , “ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო მას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და გარყვნილებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ. ამნაირად, გგონია კაცობრიობა აქამდე მოაღწევდა?!”

“დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპარუთ, ხორცი მოგვიშივდა, ხორცი გავაზღეთ და სული გაგვიპარტახდა… დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაგისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი…”

“ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა. სხვის სახლში მდგმურად სადამდე გაძლებ, სადაც ქირას თვეში ერთხელ ხელის ჭუჭყით კი არა, ყოველდღე სხეულით იხდი, შერყვნილი სისხლის საფასურად..”

 P.S. ყველას გირჩევთ ეს წიგნი წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე, არც ოტიას მწარე სიმართლე გეწყინოთ, რადგან ის გულს კი არ გატკენთ, გამოგაფხიზლებთ და შემდეგ ამ გამორჩეულ მწერალსაც  უფრო მეტად დააფასებთ.

შარლოტა ბრონტე და ჩემი ჯეინ ეარი

ახლახანს მოვრჩი “ჯეინ ეარის” კითხვას და აღფრთოვანებისგან სიტყვებს ვერ ვპოულობ, რაც მხოლოდ კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ მემართება… თქვენ არ იცით (ან შეიძლება იცით კიდეც) რამხელა სამოვნებაა, როდესაც ბავშვობაში წაკითხულ ამ პატარა ობოლი გოგონას ისტორიას ხელახლა გადაიკითხავ და უკვე ზრდასრული ადამიანის თვალით შეხედავ. ბევრს არ გავაგრძელებ, რადგან წიგნის სათაური თავისთავად მეტყველებს მის შინაარსზეც, უბრალოდ გეტყვით, რომ ჯეინ ეარის პიროვნებაში ნამდვილად დავინახე საკუთარი თავი და ეს მეამაყება: ის ჩემსავით არც თუ ისეთი ლამაზია გარეგნულად, მაგრამ მასში ცოცხლობს დაუდგრომელი, მებრძოლი და მეამბოხე სული, რომელიც ასე ხიბლავთ გარშემომყოფთ.

არ შემიძლია არ ავღნიშნო შარლოტა ბრონტეს, მე–19 საუკუნეში მოღვაწე ქალის პროგრესული აზროვნება და მკითხველისათვის სასიამოვნოდ ჩამთრევი თხრობის სტილი (2 ღამეში წავიკითხე); აგრეთვე ბრონტეს მივიჩნევ  ერთ–ერთ პირველ ფემინისტად და ამის დასადასტურებლად “ჯეინ ეარი”–დან მოვიყვან ნაწყვეტს:

“ამბობენ, რომ ქალები საერთოდ მეტად მშვიდად უნდა ატარებდნენ ცხოვრებას, მაგრამ ისინი ხომ მუდამ იმავეს გრძნობენ და განიცდიან, რასაც მამაკაცები. მათაც ხომ სწორედ ისევე სჭირდებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, უნარი და შექმნან სამოღვაწეო ასპარეზი, როგორც მათ ძმებს. ისინიც ხომ სწორედ ისევე იტანჯებიან სასტიკი თავდაჭერილობითა და ცხოვრების შეზღუდული პირობებით, როგორც მათ ადგილას დაიტანჯებოდნენ მამაკაცები.
მრავალი უპირატესობის მფლობელი სქესის გონებაშეზღუდულობას უნდა მიეწეროს ის, როდესაც გვარწმუნებენ, რომ ქალები ისე უნდა შევზღუდოთ, რომ მათ მხოლოდ პუდინგი აცხონ, წინდები ქსოვონ, ისწავლონ ფორტეპიანოზე დაკვრა და ჩანთები ქარგონ. უფრო მეტი სიმდაბლეა ქალების გაკიცხვა და დაცინვა, როდესაც ისინი მეტ საქმესა და მეტ ცოდნას ეძებენ ცხოვრებაში, ვიდრე ჩვეულებრივად არის დაკანონებული მათი სქესისათვის…”

ჩემთვის მისაღებია ბრონტეს შეხედულება სიყვარულზეც:

“სიგიჟეა, როცა რომელიმე ქალი თავის გულში ამაო სიყვარულით დანთებულ ხანძარს ააგიზგიზებს. სიყვარული, რომელიც ცალმხრივია და გაუმხელელი, თვითონვე სპობს თავის მასაზრდოებელს – სიცოცხლეს. გამჟღავნების შემთხვევაში კი, თუნდაც მას სიყვარულით უპასუხონ, ის ემსგავსება შორს მოკიაფე სინათლეს, ტრამალებში რომ შეიტყუებს ადამიანს და უკან დასახევ გზას მოუჭრის.”

რაც შეეხება თვითონ წიგნს და მის შინაარს, არც კი ვიცი რა ვთქვა, რადგან მსოფლიო ბესტსელერია და რაიმე ახალ აღმოჩენას ვერ გავაკეთებ. უბრალოდ გეტყვით, რომ ესაა “ყველაზე რომანული რომანი” და შარლოტა ბრონტეს ყველაზე საყვარელი “შვილი” (თვითონ მწერალი ისე გარდაიცვალა, შვილი არ ჰყოლია), ესაა ამბავი ობოლ გოგონაზე ჯეინზე, რომელსაც ბიძის ოჯახი სამადლოდ ზრდის და საბოლოოდ ღარიბთა სასწავლო პანსიონატში აგზავნის. პანსიონატში გატარებული 8 წლის შემდეგ 19 წლის ჯეინი უკვე დამოუკიდებელი ადამიანია და პროფესიად აღმზრდელობას ირჩევს. ასე აღმოჩნდება ის მისტერ როჩესტერის მამულში და იწყება მთავარი–ერთი ლამაზი და თავაგადასავლებით აღსავსე სიყვარულის ისტორია…  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნის კითხვის დროს პატარა ქალბატონ ჯეინთან ერთად ვიმოგზაურე  მისი ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე, მასთან ერთად ვტიროდი და ვიცინოდი, მძულდა (განსაკუთრებით ჯეინის ბიცოლა და ბიძაშვილები) და მიყვარდა, ვიყავი მისი უერთგულესი მეგობარი  და მიზნის მისაღწევად ბრძოლაშიც  უკან არ დაგვიხევია…

ასე დავასრულებ ამ პოსტს  და მეტს არაფერს გეტყვით, ცნობისმოყვარეობა წიგნის წაკითხვით დაიკმაყოფილეთ და მერწმუნეთ, არ ინანებთ !..

P.S. შეგიძლიათ ფილმსაც უყუროთ, რომლის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ მე პირადად ფილმი ისე სიღრმისეულად ვერ განვიცადე, როგორც წიგნი. არჩევანი თქვენზეა…

მე. ბავშვი

მე ჩავიცვამ თბილი შალის წინდას
და ვიქცევი იმ ბედნიერ ბავშვად,
ბებიას რომ უყვებოდა ზღაპრებს,
გუშინდელ დღეს რომ ეძახდა “შარშანს”.

სილისაგან რომ აცხობდა ნამცხვრებს,
ვარსკვლავებს რომ სათითაოდ თვლიდა,
დასაჭერად რომ დასდევდა პეპლებს,
ყვავილებს არ იცილებდა თმიდან.

სიზმარში რომ აშინებდა “ბუა”
და ყოველთვის დაეძებდა დედას,
რომ ნატრობდა ჯადოსნურ ჯოხს მაშინ,
მზეს ხატავდა უშნოს, მაგრამ ფერადს.

ხელისგულს რომ ატოლებდა მთვარეს
და უნდოდა რომ ჰქონოდა ფრთები,
“ერთშაბათით” რომ იწყებდა კვირას,
მცველებად რომ ჰყავდნენ მამის მხრები.

ფანჯრის მინას რომ ათბობდა სუნთქვით,
საკუთარი ანბანით რომ წერდა,
ღრუბლის ქულა რომ ეგონა ბამბის
ნაყინი და შესცქეროდა ზეცას..

ცრემლები რომ ერეოდა ხმაში,
როცა ღამით სიბნელეში დარჩა…
მე ჩავიცვამ თბილი შალის წინდას
და ვიქცევი იმ ბედნიერ ბავშვად.

30. 12. 2011

(ვუძღვნი სოსოს და სოფოს, საკუთარი ბავშვობა რომ გამახსენეს 🙂

კარნავალი

ნიღბის ქვეშ მალავ ცრემლიან თვალებს,

ეს კარნავალიც ისე დასრულდა,

რომ ვერ გაიგე რისთვის მოხვედი

დედამიწაზე…შენგან რა სურდათ.

დარჩა სიჩუმე და მოლოდინი,

განთიადია… თავს იკლავს ღამე,

შენ ახლა ალბათ დონ კიხოტი ხარ,

ებრძვი წისქვილებს და ზამთრის ქარებს.

შენ ოსტატიც ხარ, გყავს მარგარიტა,

მაგრამ კვლავ მძლავრობს დღეს აზაზელო,

მისტერიებში გადაკარგულხარ,

სიკეთის ქმნა გსურს კვლავ უსახელოდ.

ხანდახან ბოროტების მანქანა,

მექანიკური ფორთოხალი ხარ,

ხარ მოღალატე მადამ ბოვარიც,

მაგრამ არასდროს თავს შენ არ იკლავ.

და ცხოვრობ დღემდე ნიღბების ცვლაში,

თუმც აღარ დაგრჩა სხვა გზა მეორე,

იღვიძებ, ფიქრობ ხვალ ვინ იქნები,

კითხულობ სცენარს, როლს იმეორებ…

ასე იწყება ყოველი დილა….

14.02.2012

როგორ დარჩა მოთხრობა მთავარი გმირის გარეშე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფერადი გოგონა და ბევრი შავ-თეთრი თაბახის ფურცელი: გადაჟღაბნილი, შესწორებული, თუმცა ბოლოს მაინც დახეული, დაჭმუჭნული და ნაგვის ურნაში ჩაგდებული… იყო ტექნოლოგიური პროგრესის მიერ კაცობრიობისთვის ბოძებული შეუფასებელი საჩუქარიც – ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერი:  LG-ის შავი მონიტორით (ყოველი ჩართვისას მეგობრულად რომ გიღიმის), ბეჭდვისგან დაღლილი კლავიატურით და Recycle bin-ში განადგურებული უამრავი დოკუმენტით. მაგრამ არ იყო სიტყვა. არც ერთი სიტყვა. სიტყვა, რომელიც სუნთქვიდან ჩნდება…არც ცა იყო და არც მიწა… უბრალოდ, შემოდგომის ნისლიანი დღე იყო (ასეთ დღეებს ვუწოდებ მე „მშვენიერს“).

შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც პარკში მარტო ვიჯექი და თავს მოფარფატე ფოთლების ცქერით ვირთობდი, მათი მშობელი ხეები კი უძრავად, ხელებგაწვდილნი ელაციცებოდნენ ნისლში გახვეულ მზის სხივებს, გადავწყვიტე შენზე მოთხრობა დამეწერა. რატომ ამოგარჩიე მაინცდამაინც შენ? ეს ნამდვილად არ ვიცი, რადგან მე პერსონაჟებს საგანგებოდ არასოდეს ვეძებ და ხშირად ისინი თვითონ მპოულობენ-ხოლმე. ახლა კი იმ ადამიანივით დამემართა, მეორე ადამიანი პირველი დანახვისთანავე რომ უყვარდება: დაგინახე თუ არა,  მაშინვე მივხვდი, რომ შენ იქნებოდი ჩემი მოთხრობის მთავარი გმირი: კეთილი, ჭკვიანი და ნათელი პიროვნება, რომელიც სხვებს არ ემსგავსებოდა.

იმის გამო, რომ პირადად არ გიცნობდი და არ ვიცოდი სინამდვილეშიც ასეთი იყავი თუ არა, გადავწყვიტე ჯერ შორიდან დაგკვირვებოდი: პირველ რიგში შენი ფოტოების მოძიება და შესწავლა დავიწყე … თუმცა მალევე მივხვდი, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს წინასწარ დაყენებული პოზა, ღიმილი თუ გამოხედვა, როცა იცის, რომ ფოტოს უღებენ და ეს სიყალბე ნამდვილად არ გამომადგებოდა. ჩემმა ნაცნობებმა შენს შესახებ ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი იცოდნენ, რადგან შენ არ დადიოდი მათ მიერ მოწყობილ “ფართებსა”  თუ “ივენთებზე”. ბევრი იმასაც ამბობდა არ გვკადულობს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვსო.  მეც ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გამიღვივა ცნობისმოყვარეობა და უკვე იმის გარკვევა დავიწყე, თუ სად დადიოდი, რას აკეთებდი, ვისთან მეგობრობდი და ა.შ. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება გქონდა: სამსახურში არ გეკავა მაღალი თანამდებობა, მაგრამ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მეგობრებთან გართობას არ იკლებდი. შენი სამყარო არ იყო შემოსაზღვრული ისეთი მარტივი მარშუტებით, როგორებიცაა: სამსახური-სახლი, სახლი-სამსახური, ან როგორც რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა завод-кроват.

ასევე  ვაკვირდებოდი შენს ნათელ თვალებს, გულწრფელ ღიმილს, საქციელს საზოგადოებაში  და აღმოვაჩინე ისიც, რომ მართლა ძალიან კეთილი იყავი. ასეთი ადამიანები იშვიათად ჩნდებიან დედამიწაზე და სიცოცხლეშივე პოულობენ სამოთხისკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჯიუტად მიუყვებიან და ხშირად დასახულ მიზანსაც აღწევენ. არ ვიცოდი არსებობდა თუ არა სამოთხე, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ ეს ასე იყო, სამოთხე მხოლოდ შენი მსგავსი სულებით უნდა ყოფილიყო დასახლებული.

გავიდა რამდენიმე კვირა და ბედნიერი შემთხვევისა თუ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენის წყალობით, მე შენ გაგიცანი. მართალია, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი საუბრით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: შენ ძალიან ჭკვიანი და განათლებული პიროვნება იყავი, რაც გასაკვირი ნამდვილად იყო, რადგან კარგი გარეგნობის ადამიანი ახალგაზრდობაში ხშირად საკუთარი სილამაზის მსხვერპლი ხდება: საკუთარ თავს აჯერებს, რომ ეს სილამაზე ყოველთვის ექნება და მუდამ შეძლებს გარშემო მყოფთა მოხიბლვას; გარეგნობაზე ზრუნვისა და ამაზე ფიქრის გარდა, ყველაფერი ავიწყდება, ინტელექტსა თუ წიგნის კითხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შენ კი სხვებს არ ჰგავდი, არც საკუთარი კარგი განათლება  გქონდა თავში ავარდნილი და “სნობიც” არ იყავი.

ყველა შენი ქმედებით ცდილობდი რაღაც კარგი გაგეკეთებინა და ალბათ ამიტომაც გაცნობისთანავე მიგამსგავსე ჩემი საყვარელი წიგნის “მისტერიების” მთავარ გმირს, იოჰან ნაგელს. ეს ბავშვობიდან გამომყვა და დღემდე ჩვევად მაქვს ახალი ნაცნობი ვინმეს ან რამეს მივამსგავსო: მსახიობს, ფილმის გმირს, ცხოველს, რომანის, მულტფილმებისა თუ ზღაპრის პერსონაჟს და ა.შ. თუ ჩემმა ქვეცნობიერმა ასეთი ასოციაცია არ გააკეთა, შეიძლება ის ადამიანი მეორე დღეს ვერც კი ვიცნო. სწორედ ამ მეთოდის გამოყენების შედეგია ის, რომ დღეს ჩემს გარშემოა რამდენიმე ვინი პუჰი, ყვითელი წიწილა, ზღაბი, ბუ, გობლენი, დათვის ბელი, კუდღელი, ზაზუნა, მაჩვი, თხუნელა, თახვი და სხვა მღრღნელები. უამრავი კატა და ძაღლი,  ძაღლები სხვადასხვა ჟიშის: ნაგაზი, ბულდოგი, პუდელი, ლაბრადორი, “ავჩარკა”, ლაიკა და ა.შ. კატები კი სხვადასხვანაირი გარეგნობის თუ ხასიათის: წითური, თეთრი, ნაცრისფერი, ეშმაკუნა და მოხერხებული, ბრჭყალებალესილი და ალერსიანად მოკრუტუნე, ფუმფულა  თუ გაწუწული და ა.შ. ასევე ბურატინო, პიერო, ჩიპოლინო,ბოროტი დედინაცვალი, მძინარე მზეთუნახავი, “ზნაიკა” და “ნეზნაიკა”, დარტანიანი, მერილ სტრიპის პერსონაჟი ფილმიდან “ეშმაკი ატარებს პრადას” და ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟი ფილმიდან “უკეთესი არ არსებობს”.

დამახსოვრების ამ მეთოდს გეოგრაფიის გაკვეთილზეც ვიყენებდი სკოლაში: როდესაც რუკის შესწავლა დავიწყეთ, ჩემთვის ყველა კუნძულს, ნახევარკუნძულს, ზღვას, მთას თუ ქვეყანას, რაღაც გარკვეული ფორმა ჰქონდა. მაგ: იუტლანდიის ნახევარკუნძული დელფინი იყო, სკანდინავიის – სამთავიანი გველეშაპი, არაბეთის – თბილი ბატინკი, პირენეი – ჩექმა, მადაგასკარი – ტანკი და ა.შ. ცაში მოლივლივე ღრუბელიც კი არ იყო მხოლოდ ღრუბელი: ბავშვობაში აივნიდან ხშირად გავყურებდი ცას და ამ ღრუბლებს სხვადასხვა გარეგნობას ვაძლევდი, მერე კი მათთან ერთად წარმოსახვითი მოგზაურობებით ვერთობოდი (ვაღიარებ, დღემდე ვერ აღვიქვამ ღრუბელს უფორმო ორთქლის მასად).

ამ ასოციაციის შედეგი იყო ის, რომ შენ ჩემთვის ნამდვილი იოჰან ნაგელი გახდი, ყველაზე კარგი ადამიანი ამ ქვეყნად, რომლის მისიაც დედამიწაზე უანგარო სიკეთის კეთება იყო. ვფიქრობდი, რომ შენ ამაში  ბედნიერებას პოულობდი და მეჩვენებოდა, შენს გვერდით მეც უკეთესი გავხდი. გარეგნულად ყველაფერი მართლაც ასე ჩანდა: პატარა დადებითი მოვლენა, ვინმეს გადარჩენა თუ დახმარება, ბავშვივით გახარებდა და ღიმილით გავსებდა, თან რაღაცით საკუთარ თავსაც მიგამსგავსე და ჩემი სიმპატია შენს მიმართ აშკარა გახდა.

რადგანაც საქმეების გამო დროის ერთად გატარება ხშირად გვიწევდა, შენს გემოვნებაზე დაკვირვების საშუალებაც მომეცა: აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე მუსიკა, ფილმი თუ წიგნი მოგვწონდა, ორივეს გვამშვიდებდა ლურჯი ცის ყურება და ცხოვრებასაც ერთნაირი თვალით ვუყურებდით: მარტივად, ზედმეტი ჩაძიებისა და თავსატეხების გარეშე. უბრალოდ, ორივე ვცდილობდით, ჩვენი არსებობით სამყარო ცოტათი უკეთესი გაგვეხადა. მსგავსებების მიუხედავად, მე მაინც იდეალად დაგსახე და  ჩემზე უკეთესი მეგონე, რადგან მე არ შემეძლო ყველა ადამიანში რაიმე ნათელი წერტილის პოვნა და მასთან ღიმილით საუბარი. მე ხომ მხოლოდ ორ ნაწილად ვყოფდი გარშემომყოფებს: “კარგები” და “ცუდები” და არასოდეს მიცდია “ცუდი” “კარგად” მექცია. შენ კი დაახლოებით სოკრატეს მსგავსად აზროვნებდი: “ყველა ადამიანში არის მზე, მხოლოდ მიეცით საშუალება რომ ანათოს.”

სამწუხაროდ, თავდაპირველი შთაბეჭდილება და შენზე შექმნილი მითი ჩემს წარმოსახვაში მალევე დაიმსხვრა და ყალბი იოჰან ნაგელიდან შენ ნელ-ნელა გადაიქეცი რეალურ მოპასანის ლამაზ მეგობრად (ჟორჟ დიურუა). დავინახე, რომ შენ ყოველთვის კარგად გქონდა გათვლილი ყველა შენი ჟესტი, სიტყვა და ღიმილიც კი.რამოდენიმეჯერ სარკესთან ვარჯიშის დროსაც მოგკარი თვალი, მაგრამ საბოლოოდ შენს სიყალბეში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც წონასწორობადაკარგულ მდგომარეობაში გნახე: ტელეფონზე  ლანძღვა-გინებით იკლებდი საუკეთესო მეგობარს მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე თვის წინ მის შვილს თანხა გადაურიცხე ოპერაციისთვის, ის კი სანაცვლოდ არაფერს არ აკეთებს. ასეთ დროს შემთხვევით რომ არ შემომეღო კაბინეტის კარი, შენს რეალურ სახეს ალბათ ვერასოდეს ვნახავდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მოხდა. ჩემი დანახვისას უცებ შეწყვიტე ყვირილი და ბავშვის იმ გულუბრყვილო ღიმილით გამიღიმე, რომელიც ასე ძალიან მომწონდა შენში. პირველად შენი ძალიან შემეშინდა, მერე კი მივხვდი, რომ შენც სხვებისგან არაფრით გამორჩეული უბადრუკი კარიერისტი იყავი, ჩარჩოში მოქცეული, ნაცრისფრად მოაზროვნე და ყველაფერს მხოლოდ სოციალური კიბის მაღალ საფეხურზე ასასვლელად იყენებდი.

შენ ჩემთანაც თამაშობდი, თავს მაჩვენებდი, რომ ჩემნაირად აზროვნებდი და შემდეგ, როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ასე იყავი სხვებთანაც: სახეს, მიმიკას და შეხედულებებსაც კი იცვლიდი  სხვისი სიამოვნებისათვის. მთავარი იყო ამ სხვას შენთვის რაიმე სარგებელი მოეტანა. შენ კარგად იცოდი ადამიანის ფსიქოლოგია და განსაკუთრებით კი ერთი წესი, რომელიც დომინირებს უმრავლესობის ცხოვრებაში: როცა ვინმე სიკეთეს გიკეთებს, შენც ასევე ცდილობ  რამე კარგი უნდა გაუკეთო მას. შენ წარმატებით იყენებდი ამ ცოდნას და სიკეთესაც იმის მიხედვით აკეთებდი, რამდენად მომგებიანი იქნებოდა ის მომავალში. აღნიშნულ მეთოდს არ უარვყოფ, ქართული ანდაზაც ხომ მსგავს იდეას ატარებს:  “მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება”-ო, მაგრამ შენ ამ ყველაფერს წინასწარგანზრახულად, გეგმაზომიერად აკეთებდი: ეხმარებოდი მხოლოდ იმათ, ვისი დახმარების იმედიც შემდგომში გექნებოდა, ადამიანებს საკუთარი სიკეთით ავალდებულებდი და ეს ვერ ავიტანე.

ეს დღე ჩემთვის სინანულის დღე იყო, დაახლოებით ასეთი: ხანდახან ხდება ისე, რომ დილით გადიხარ პლაჟზე, დგები ზღვის ნაპირას და ფეხის ცერა თითით სინჯავ წყალი თბილია თუ არა.აღმოჩნდება, რომ წყალი ჯერ ისევ ცივია და უკვე გაჟრჟოლებს იმის წარმოდგენაზეც კი თუ როგორ დაგაყრის ტანზე ეკალს, როცა შიგ შეხვალ. აღარ გინდა ბანაობა და ერთი სული გაქვს მეგობრებთან ერთად ბარში ლუდის დასალევად წახვიდე, მაგრამ გვერდით უცნობი  ლამაზი გოგო   გიდგას, რომელსაც შენი გამბედაობით გინდა თავი მოაწონო. ის ძალიან ლამაზია, მასაც არ უნდა წყალში შესვლა და გრძნობ, ახლა სახელს თუ ჰკითხავ, მთელ ცხოვრებას მასთან გაატარებ, მაგრამ შენ ამას რატომღაც არ აკეთებ და წყალში შედიხარ. მერე გადის დრო, ცხოვრობ უსახური დღეებით და ხშირად ფიქრობ იმაზე, რომ სულ სხვანაირი ცხოვრება შეიძლება გქონოდა მასთან ერთად და შენ ეს პატარა ნაბიჯი არ თუ ვერ გადადგი…იმ ლამაზი გოგოს მსგავსად ეს დღეც ალბათ ჩემს მეხსიერებაში დარჩება იმაზე ფიქრით: რა მოხდებოდა ის კარი რომ არ შემომეღო და შენი რეალური სახე არ მენახა…

თუმცა ამ დიდი იმედგაცრუებისა და პატარა დეპრესიული მომენტის შემდეგ მე შენთან ურთიერთობა ჩვეულებრივად განვაგრძე, იმის მიუხედავად, რომ  რომ ჩემს თვალში შენი ავტორიტეტი ნულამდე დაეცა და   ეს ყველაფერი შენ ვერც კი შეამჩნიე ( რადგან მხოლოდ იმაზე ფიქრით იყავი დაკავებული, ხვალ რა ჩაგეცვა, ვის შეხვედროდი, რა გეთქვა, როდის გეხუმრა, როდის გაგეცინა და ა.შ),  დღეს ისევ ჩემი დაკვირვების ობიექტი ხარ: ვუყურებ შენი იმიჯის ცვლას და ხშირად ხმამაღლაც მეცინება შენს ყალბ ღიმილსა თუ დაყენებულ ხმაზე, მაგრამ შენ ამას ვერ ან არ ამჩნევ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საჭირო ადამიანად მიგაჩნივარ და ცდილობ აგვიტანო მეც და ჩემი დაუფარავი სარკაზმიც.

მე კი არ ვიცი რა იქნება შემდეგ და როდემდე გამართობს ხელოვნური ადამიანის ყურება…მე ხომ არ მიზიდავს არაფერი ხელოვნური… პატივს ვცემ ნიჭიერ ხელოვანებს, უკვდავ  ხელოვნებას, ხელოვნებისგასაოცარ  ნიმუშებს, მაგრამ მეცინება ხელოვნური თანაგრძნობის, ცრემლების, ღიმილის, ხელოვნურად დაგრძელებული თმების, გაკეთებული ტუჩის ან ცხვირის, ხელოვნური და მხოლოდ ფასადშელამაზებული შენობებისა თუ ადამიანების დანახვაზე. შენ კი ვერც ხვდები, თუ როგორ იქეცი ამ ხელოვნურ მანქანად, რომელიც თითქოს ერთი ღილაკის დაჭერის შემდეგ იღიმება, ბრაზდება ან ტირის და რომელსაც მხოლოდ გარეგნობა შერჩა ადამიანის (თუმცა დღეს სწორედ შენნაირი “მანქანებითაა” გადატვირთული სამყარო და ორიგინალობითაც ვერ დაიკვეხნი).

ასე, რომ საბოლოოდ, ჩემი ხელით ჩამოგაფხიკე სხეულზე შემორჩენილი უკანასკნელი ოქროსფერი მტვრის ნაწილაკები და მიგიღე ისეთი, როგორიც ხარ; დაგტოვე ჩვეულებრივ, სხვებისგან თითქმის არაფრით გამორჩეულ ადამიანად, რომელსაც არაჩვეულებრივად ეხერხება ცოტა ხნით სხვისი ცხოვრების გალამაზება და სავსე მთვარის მსგავსად, გარშემომყოფთათვის საკუთარი თავის მხოლოდ ნათელი მხრიდან დანახვა…

P.S. ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც დავწერ შენზე მოთხრობას, სადაც მხოლოდ რიგითი, მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იქნები. მანამდე კი გტოვებ ჩემს იმ კარგ ნაცნობებს შორის, რომლებიც ალბათ უკვე თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ რომელი მათგანი მინდოდა ყოფილიყო ჩემი მოთხრობის მთავარი გმირი და რომელი არა. იყო და არა იყო რა…

26.03.2012.

 

შეშლილი პელიკანი

თაგვისფერ ზეცაზე დავეძებ კატის თვალს,

ციკლოპად იქცევა დიდხანს რომ უცქირო,

ვარსკვლავთა სამეფო მიხმობს კვლავ თავისთან,

თუ გწამს, გაფრინდები…(ღამეა უძილო).

ბუხართან ჯდომა და ფიქრი მოგბეზრდება,

უმიზნო ცხოვრება, რუტინა, სიმშვიდე,

ინატრებ, არ ჰქონდეს სიცოცხლეს საზღვრები

და ჭრელი გველივით კანს აღარ იცვლიდე.

ბოქლომი შეახსნა ამ დახშულ ჰორიზონტს,

მთვარის ქვეშ გაშალო მზიფერი კარავი,

ციურ სალამურზე უკრავდე სიჩუმეს,

არ გექაჩებოდეს მიწაზე არავინ…

ყველა ის ტკივილი იქცეს ილუზიად

იისფერ ღამეებს რომ გაგინაცრისფრებს;

შენს ყველა ქმედებას არ ერქვას აბსურდი

საკუთარ თავს აღარ უწყობდე გაფიცვებს.

ამ შედედებულ სისხლს ფერმენტი ამატო,

მდინარეს უპოვო ნაპირი მესამე,

იბრძოლო,   ბოლომდე თქვა შენი სათქმელი

 და ასე მიხვიდე თაგვისფერ ზეცამდე…

თუ გწამს გაფრინდები!…

15.06.2012

გერგეტი (ცის იქით კიდევ ცა არის)

ღვთაებრივ სიმშვიდეს მოუცავს გარემო,

აქ ამოვიტანე დღეს სული ცოდვილი;

გერგეტის მთებიდან ღრუბლებზე გაგევლო,

მოჩანდა ცდუნებად ცა ნათლით მოსილი…

მიწას და ცას შორის  აჭრილა ტაძარი,

ლეჩაქი ამშვენებს ხევის თეთრ პატარძალს…

ეს სხვა სამყაროა  და თუ ხსნა არ არის,

ბოღმა ან წუხილი აქედან აღარ ჩანს.

გარშემო ნისლია და თეთრი გვირაბით

დაღრუბლულ ბილიკებს მივყვები და ისევ

სიმწვანე… მთებო, მე აქამდეც მიყვარდით,

მაგრამ თქვენს მშვენებას რა გული დაიტევს.

ცას ახალშობილი სილურჯე შემორჩა,

უფალმა რომ შეჰქმნა პირველ დღეს, ის ფერი…

აქ უფრო ყვითელი და თბილი მზე მოჩანს,

და ვგრძნობ რომ  სხივებად, სიმღერად ვიფრქვევი.

თითქოს შემოქმედი თავზე დამყურებდეს,

ჩნდება ილუზიად ტანჯვა თუ გოდება;

თანდათან მივაღწევ ვიცი ალპურ მზემდე

და სულშიც ნელ-ნელა სინათლე გროვდება.

აქ ყოველ ბალახში სიცოცხლე იგრძნობა

და დილის სიზმარს ჰგავს ტყის ყველა ყვავილი;

ვფიქრდები თუ  მომეტევება  ის ცოდვა,

მთის შვილს რომ გერგეტი არ მქონდა დავლილი…

ზანტად დახვდებიან გორები განთიადს,

ღამეულ სურვილებს ამ ნისლში გახვევენ,

ჰელიოსს მოელი, სიცივე აგიტანს

და მერე იქცევი ფიცხ, ამაყ მოხევედ…

ღვთაებრივ სიმშვიდეს მოუცავს გარემო,

აქ ამოვიტანე დღეს სული ცოდვილი;

გერგეტის მთებიდან ღრუბლებზე გაგევლო,

მოჩანდა ცდუნებად ცა ნათლით მოსილი…

02.07.2012

 

ჩემი ნავსაყუდელი

რუხი მტრედივით დაიმშვიდა

თავი საღამომ,

მე ისევ ვწერ და თქვენზე ვფიქრობ

 -შემომენატრეთ…

ხომ შეგვიძლია შევებრძოლოთ

გულგრილ სამყაროს?

ერთად ვიფრინოთ ოცნებებში

– ჩვენ რომ ვხედავდეთ

მხოლოდ და მხოლოდ იმ ვარსკვლავებს,

თუნდაც პლანეტებს…

წავიდეთ ისეთ ქალაქებში

სახეტიალოდ

რუკაზეც კი რომ არ არსებობს

(არც იარსებებს),

ვერ შეგვაჩეროს სიცხემ, წვიმამ,

ასე ვიაროთ.

ჩემთან წავიდეთ, გაგასინჯებთ

კალვადოსს  ვაშლის,

მერე ვიმღეროთ ან ვიცეკვოთ

( ჩაგეხუტებით).

დაე, გაივსოს  ჩვენით ძველი,

უბრალო სახლი,

აივნიდან კი ისე ჩანდნენ

ღამის ქუჩები,

თითქოს ლურჯმა ცამ შეიწოვა

ყოველი ფერი…

ჩვენ ვსაუბრობდეთ მოაჯირზე

მკლავდაყრდნობილნი,

რომ ადვილია ადამიანს

გაგიჩნდეს მტერი,

მაგრამ ძნელდება პოვნა ჩვენი

სულის ძმობილის

და ეს შევძელით!…

09.09.2012

დე

დედა, გითხარი, რომ აღარ მწამს უკვე არაფრის,

მაგრამ მე მგონი მოგატყუე…ისიც ხომ იცი,

რომ შენს შვილს ისევ არ აშინებს დიდი აღმართი,

არც ეს წვიმები, გაციება…უბრალოდ გიცდის

ამ  უცნაურ ბავშვს ისევ გულში ჩაიკრავ როდის.

მას ხომ ყველაზე მეტად ათბობს დე, ჩახუტება,

შემოდგომაა… მერე თეთრი ზამთარი მოდის,

შენი თმები კი ჩემზე ფიქრით კვლავაც ხუნდება.

დარდობ, რომ ასე ”სიფრიფანა, ბუმბულის წონით”

ბევრს მუშაობს და არ ისვენებს, აღარც იღიმის.

”მაგრამ ეს მხოლოდ გეჩვენება”- დამჯერი ტონით

უცებ გამშვიდებ მხიარულად, თვალის ციმციმით.

მე თავს ვიტყუებ (და ალბათ შენც). ვუსმენთ კლასიკას.

მშვენივრად იცი, მომბეზრდება მალე ცხოვრება,

დე,  საკუთარი ნაწერებით თავს თუ არ ვიკლავ,

არ ნიშნავს იმას, შემაშინეს მძიმე ცოდვებმა.

უბრალოდ ვიცი ვერ გაუძლებ ჩემს ცუდად ყოფნას,

ამიტომ ხშირად გიმეორებ: ”ბედნიერი ვარ!”,

თუმც არ მასვენებს ერთი  კითხვა (დე, ალბათ ვბოდავ):

“ღმერთს დავავიწყდით თუ ჩვენ ვშალეთ მეხსიერიდან?..”

დე, მე, გითხარი რომ აღარ მწამს უკვე არაფრის,

მაგრამ  მგონი კვლავ მოგატყუე… ისიც ხომ იცი,

რომ შენს შვილს ისევ არ აშინებს დიდი აღმართი,

არც ეს წვიმები, გაციება… უბრალოდ გიცდის.

1.11.2012

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

ერკე მიდასი

სიყვარული ყოველივეს დაგვაძლევინებს

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.