Україна це ти? ანუ ჩემი ცეტური თავგადასავალი უკრაინაში

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ხიფათიანი დაბადების დღე გათენდა 2020 წელს. თუმცა სანამ გათენდებოდა უკვე ვიცოდი რომ კორონა-ვირუსის პირობებში დაგეგმილ გამგზავრებას კარგი არაფერი მოყვებოდა - აბა რანაირად შეიძლება ისე მოხდეს, რომ წინა დღით მოგინდეს დაზღვევის ამობეჭდვა და ვერსად იპოვო პრინტერი მთელ ქუჩაზე, მერე საშინელ წვიმაში მოყვე და გაციების შიშით აფთიაქს შეაფარო თავი და იქ აღმოაჩინო რომ პრინტერიც და შესაბამისად, საკმაოდ ძვირადღირებული ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც თურმე უკრაინაში არავის სჭირდება? 🙂 მოკლედ 9 სექტემბერს დილით მივედი ტაქსით თბილისის აეროპორტში და სანამ ჩემებს დავემშვიდობებოდი რეგისტრაციის გავლა მირჩია აეროპორტში მომუშავე გოგომ, სადაც აღმოჩნდა, რომ სქაიაირლაინსი არავის უშვებდა ბორტზე ერთი კონკრეტული 60 ლარიანი დაზღვევის გარეშე, რომელიც აეროპორტში უნდა გამეკეთებინა. ვუხსნიდი 4 საათიც არ მაქვს ვარშავის რეისზე გადაჯდომის დრო და აეროპორტიდან არ გავდივარ თქო, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, გაგიკვირდებათ და დამჭირდა ეს დაზღვევა 🙂 
სამსაათიან ფრენაზე ჩემს გვერდით ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა (სახეზე მეცნობოდნენ თუმცა არ ვერკვევი ამ სპორტში და შესაბამისად არ ვიცი მათი სახელები და გვარები, ერთი ეგ ვიცი რომ 8-ში კარგი თამაში ჰქონდათ და ლიხტენშტეინს მოუგეს), რომლებიც ასევე არ რჩებოდნენ უკრაინაში და ამსტერდამიდან ბელგიაში უნდა გადასულიყვნენ. მე მოვხვდი საავარიო გასასვლელის მე-18 რიგში ფანჯარასთან და მკაცრმა სტიურდმა სულ ზეპირად მამეორებინა რა უნდა და რა არ უნდა გამეკეთებინა თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემთხვევაში, ხოლო ბოლოს როცა მომთხოვა - აბა მანახე ეგ ფანჯარა როგორ იღებაო და ვერ გამოვწიე, ჩაიქნია ხელი და ეს ერთ-ერთი ფეხბურთელი დამახმარა 🙂 ჰოდა მთელი თვითმფრინავი თუ ჩემი ფანჯრის გამოღების იმედზეა, ჯობს აქედანვე ჩავიდე თქო და ნეტა მართლა ჩამოვსულიყავი:) ჰო მართლა სამსაათიანი ფრენის დროს ავიაკომპანიამ ერთი ჭიქა წყლით და პეპსის ქილით დაგვასაჩუქრა, რომელზეც მესი იყო გამოსახული და ბიჭებს ალბათ ძალიან გაუხარდათ მისი იქ ყოფნა 🙂 კოვიდრეგულაციების გამო არც პირბადე მომიხსნია და შესაბამისად, საჭმელიც არ შემოუთავაზებია კომპანიას რამე.

ჩავედით უკრაინაში და საპასპორტე გასასვლელში დაგხვდა რაღაც საშინელება: ამდენი ადამიანი ყველანაირი დისტანციის დაცვის გარეშე და ორი ზრდილობიანად თუ ვიტყვით არაკომპეტენტური გოგო, რომლებიც ვერ არკვევდნენ ვინ სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა და ა.შ. ერთერთი პირველი მივედი მათთან პასპორტის გადამოწმების მიზნით და ხან იქით მამისამართებდნენ ხან აქეთ სიტყვებით: ერთი წამი დაგველოდე, ერთი წამი დაგველოდეს ძახილით და ბოლოს აღმოჩნდა რომ არ მიშვებენ პოლონეთში, რადგან ვიზა 10 სექტემბერს იხსნება და 9-შია ჩემი ფრენა, არ აინტერესებთ რომ ისედაც უვიზო გვაქვს პოლონეთთან, თან ნახევარი საათიც არაა ფრენამდე და ბილეთის გადაცვლასაც ვერ ვასწრებ - ანუ თავიდან უნდა ვიყიდო და თან ეს ერთი დღე დაუგეგმავად კიევში დავრჩე. არავის ვუსურვებ იმ პანიკური შემოტევის და უსუსურობის შეგრძნებას რაც იქ განვიცადე, მაგრამ რაღას ვიზამდი. ჩემს თვალწინ აფრინდა ლოტის თვითმფრინავი, მე კი აქვითინებული დავრჩი აეროპორტში.

შემდეგ იყო ჩემი ჩემოდნის 7 საათიანი ძებნის პროცესი ბორისპოლის აეროპორტში, რომელზეც ვერ მეუბნებოდნენ ზუსტად თბილისში დარჩა თუ ვარშავაში წაიღეს უჩემოდ :)) საბოლოოდ ერთმა ქართველებისმოყვარულმა ხანშიშესულმა თანამშრომელმა ქალმა და კაცმა მიშველეს და ვიპოვე ჩემი წითელი ჩემოდანი ეულად სადღაც ქვედა სართულზე საბარგო საკანში.

ამასობაში მოსაღამოვდა და ვიფიქრე ბარემ კიევის ცენტრის ნახვაც მოვასწრო თქო, რადგან თავი ისედაც კიევში მეგონა და ბორისპოლი კი უბრალოდ აეროპორტის სახელი (როგორც თბილისის აეოპორტია რუსთაველის სახელობის 🙂 თურმე სად ვბანაობ - ბორისპოლი ცალკე ქალაქია, რომლის ცენტრშიც დამიჯავშნეს სასტუმრო ჩემმა უკრაინელმა კურსელებმა, რადგან მე უკრაინული ნომერი არ მქონდა და ვერსად ვრეკავდი და ქუჩის მისამართთან ერთად მოიწერეს რომ სასტუმრო ქალაქის ცენტრშია.
გავვარდი ნაპოვნი ჩემოდნით გარეთ და დგას ავტობუსი წარწერით - კიევის ავტოსადგური, ბევრი არც მიფიქრია და ჩემს ქართველ თანაკურსელთან ერთად (რომელიც ასევე არ გაუშვეს პოლონეთში იგივე მიზეზით) შევხტი შიგნით ძაან ბედნიერად. ასევე ბედნიერად გავაგრძელე ავტობუსის ფანჯრიდან ულამაზესი კიევის ყურება, სანამ ორსაათიან საცობში არ გავიჭედეთ და უბრალოდ ინტერნეტის გაზიარება არ ვთხოვეთ ადგილობრივ ახალგაზრდას, შემდეგ კი ყოველი შემთხვევისთვის გუგლის რუკით არ ვნახეთ ჩვენი სასტუმრო :)) აღმოჩნდა რომ სასტუმრო დაჯავშნილი იყო ქალაქ ბორისპოლის ცენტრში, აეოპორტიდან რამდენიმე წუთის სავალზე და ჩვენ კი ბედნიერად დედაქალაქში მივქროდით.

ამასობაში დაღამდა, მაგრად მშია და ავტობუსმაც მიაღწია ვაგზლამდე სადაც kfc დავინახე და ასე გემრიელად ჯანქ-ფუდი არასდროს მიჭამია. ბოლოს აქ მოგვაგნო ჩვენმა უკრაინელმა კურსელმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა იანამ და მაიდანზე წაგვიყვანა კიევის ძველი ნაწილის სანახავად, სადაც ულამაზესი მეტროსადგური ამოდის, კაფე "ხურმა" და უზარმაზარი ხის ეკლესიაა. სამწუხაროდ უკვე ღამე იყო და ყველაფერი დაკეტილი მაგრამ რაც შეგვეძლო ყველაფერი დავათვალიერეთ და ტაქსით წავედით ქალაქ ბორისპოლში კიევიდან, რადგან სხვა ალტენატიული ტრანსპორტი უკვე აღარ იყო ამ დროს :))
იანამ რომ გაიგო ჩემი დაბადების დღე იყო, სიმბოლურად რაღაც ტკბილეული მაჩუქა და დაგვემშვიდობა და ასე დასრულდა ჩემი 9 სექტემბერი ყოველგავრი ტორტების და სანთლების გარეშე, მაგრამ სიგიჟე თავგადასავლით, რომლის წყალობით ვნახე კიევი, რომელიც 2 წლის შემდეგ ომის ქარ-ცეცხლსა და უბედურებაში გაეხვეოდა.

P.S. სულ მგონია რომ ეს თავგადასავალი ჩემი უკრაინელი მარია ბებოს დამსახურებაა, რომელსაც ყოველთვის უნდოდა მისი სამშობლო მენახა, მაგრამ მის სიცოცხლეში ამ სურვილის ასრულება ვერ შევძელი 😦


ალბერ კამიუ და შავი ჭირისგან განუკურნებელი მსოფლიო

shop_product_image_284728

ამ ბოლო დროს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე აქტიურად ვეცნობი როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ  მასალას და შესაბამისად, როგორც კი  გამომცემლობა “პალიტრამ” მკითხველებს ალბერ კამიუს “შავი ჭირი” გვისაჩუქრა, მაშინვე ვიყიდე. წიგნი არაა სქელტანიანი და მეგონა მაქსიმუმ 2 დღეში წავიკითხავდი, მაგრამ ის იმდენად მძიმე წასაკითხი  და იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ თუ დაკვირვებით არ წაიკითხავ თითოეულ აბზაცს, შეიძლება მთლიანი წიგნი  ერთ ძალიან  უბრალო და ბანალურ  ამბად მიიჩნიო. ასე, რომ ჩემი წინასწარი ჩანაფიქრი ისევე როგორც “უცხოს” შემთხვევაში, უბრალოდ ვერ განხორციელდა.

ფრანგმა ფილოსოფოსმა ალბერ კამიუმ (1913-1960) “შავი ჭირი”  1947 წელს დაწერა,თითქმის 70 წლის წინ,  ეს არის პერიოდი როდესაცმეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია და მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ შოკშია მომხდარი მოვლენების გამო.  ესაა იგავური ნაწარმოები, ერთი შეხედვით საიგავო არაფერი ჩანს ამ წიგნში, თუმცა არაა ძნელი მისახვედრი რომ “უბრალო”  შავი ჭირი ვერ გახდებოდა ლიტერატურული შედევრის შექმნის საბაბი, რომ არა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც მთელმა კაცობრიობამ მოიხადა შავი ჭირის სახით. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პესიმისტურად მთავრდება, მთელი ნაწარმოების იდეა სიცოხლის უკანასკნელ წუთამდე ბრძოლის მხარდაჭერაა და ეს ყველაფერი ყველაზე მეტად წიგნის მთავარ გმირ ექიმში იგრძნობა, რომლის აზროვნებაც მე ძალიან მომწონს:

„სტიქიური უბედურება ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ  თავსაც რომ დაგატყდება, ძნელად თუ ირწმუნებ კაცი…მსოფლიომ ჟამიანობის შესახებ იმდენი შემთხვევა იცის, რამდენი ომიც გადახდენია, მაგრამ შავი ჭირიცა და ომებიც მოულოდნელად აცხრება  თავს ადამიანებს… ექიმი წუხდა და ამასთანავე იმედსაც ვერ შელეოდა. როდესაც ომი იფეთქებს, ადამიანები ამბობენ: „ომი დიდხანს ვერ გასტანს, ეს ხომ დიდი სისულელეა.“ ეჭვი არაა, რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა, მაგრამ ეს ვერ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა. ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, ადამიანი ყოველთვის თავის თავზე რომ არ ფიქრობდეს. ამ მხრივ არც ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გამონაკლისი, მათაც თავიანთი თავების გარდა არაფერი აგონდებოდათ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰუმანისტები იყვნენ: უბედურების არ სჯეროდათ. ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო. მაგრამ იგი ყოველთვის როდი ქრება. სამაგიეროდ, ცუდ სიზმრებს შორის ქრებიან ადამიანები და თანაც უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები, რადგანაც სიფრთხილეს არას დაგიდევენ.“ 

ექიმი რიე ძალღონეს არ იშურებს თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად და საბედნიეროდ მას ჰყავს თავდადებული მეგობრებიც, რომლებიც სწორედ ჟამიანობასთან ბრძოლის დროს იპოვა.  ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მამა პანელუს აზროვნებამ, რადგან სასულიერო პირების დამოკიდებულება ასეთი ეპიდემიების დროს ძირითადად უფლის სასჯელს უკავშირდება ხოლმე და სწორედ ასე ბანალურად ფქრობს მამა პანელუც. იგი ყოველ კვირა დღეს ქალაქის მაცხოვრებლებს ასმენინებს საკუთარ ქადაგებას, კიცხავს მათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ისიც ცდილობს რაღაც ხსნის გზა იპოვოს.

“თქვენ გეგონათ, საკმარისი იყო, ღმერთი კვირაობით მოგენახულებინათ, რომ დანარჩენი დღეები თქვენს გუნებაზე გეტარებინათ. თქვენ ფიქრობდით, ერთი-ორჯერ მუხლის მოდრეკა საკმარისი იყო, რომ თქვენი დანაშაულებრივი უდარდელობა გამოგესყიდათ. მაგრამ ღმერთს თავისი უნდა მიაგოთ. თქვენი იშვიათი სტუმრობა არ ჰყოფნის მის მგზნებარე სიყვარულს, მას უნდა მუდამ გხედავდეთ. ასეთია მისი სიყვარულის გამოვლენა და მართალი რომ ითქვას, სწორედ ასეთია ჭეშმარიტი სიყვარული. ამიტომაა, რომ თქვენი ლოდინით დაქანცულმა უბედურება მოგივლინათ ისევე, როგორც ყველა ცოდვილ ქალაქს, მას აქეთ რაც ადამიანები ჟამთა აღწერას მისდევენ.“

მამა პანელუ არ ემხრობა პრობლემის მეცნიერულ და სამედიცინო გადაწყვეტას მანამ, სანამ მას ხელში არ ჩააკვდება 12 წლის დაავადებული ბავშვი და  მიხვდება, რომ უბრალოდ პასუხი არ აქვს ექიმ რიეს მარტივ შეკითხვაზე:”ეს ბავშვი რა ცოდვებით იყო დამძიმებულიო”.

თვითონ ქალაქი ორანი შავ ჭირამდე ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სადაც „რა თქმა უნდა, დღეს იმაზე ბუნებრივი არა არის რა, რომ შეხვდე ადამიანებს, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, მერე კი ბანქოს თამაშში, კაფეებსა და მასლაათში კარგავენ   დროს, ცხოვრებისათვის რომ რჩებათ. მაგრამ არის ისეთი ქალაქები და ქვეყნებიც, რომელთა მკვიდრთაც მოულოდნელად ეჭვი აღეძვრებათ, ეგებ სხვა რამეც არსებობსო.“თუმცა ორანში დღეები ერთფეროვნად გადის და მის მაცხოვრებლებსაც სხვა ცხოვრებაზე ეჭვი არასდროს აღძვრიათ.

შავი ჭირის ნიშნები ქალაქს მკვდარი ვირთხების გამოჩენიდან აღმოაჩნდა, თუმცა ამ საშინელებას არავინ აღიარებდა საკუთარი უვიცობისა თუ სირაქლემის პოზის გამო: „ქვეყნად არსებული ბოროტება თითქმის ყოველთვის უვიცობით გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება. ადამიანები უფრო კეთილნი არიან, ვიდრე ბოროტნი, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ თავიდათავი ეს როდია. ადამიანები მეტ–ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი ის უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია… ბრმა ხილვის, სრული სიცხადის გარეშე არც ჭეშმარიტი სიკეთე არსებობს და არც მშვენიერი სიყვარული.“

თუმცა სიყვარულიც სხვანაირად ესმით ორანელებს: “კაცები და ქალები ან საჩქაროდ შთანთქავენ ერთმანეთს იმის შემწეობით, რასაც სიყვარულის აქტი ეწოდება, ან არადა, ჩვეულების მონები ხდებიან. ამ უკიდურესობათა შორის საშუალო ხშირად არ არსებობს. არც ესაა მაინცდამაინც უჩვეულო რამ. ორანში თუმც ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან, რომ უყვართ.” 

ბოლოს ჭირიანობაც სრულდება. ექიმს ქუჩაში გამოსული ხალხის მხიარულ იშეძახილები ესმის და ხვდება, რომ ნებისმიერ ბედნიერებას, ნებისმიერ სიხარულს ყოველთვის ემუქრება დიდი საფრთხე. ჭირის მიკრობი შეიძლება ათეულობით წელი თვლემდეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ინებოს და კვლავ მოავლინოს ბედნიერებით სავსე ქალაქის ქუჩებში ასობით და ათასობით ავის მომასწავლებელი ვირთხა…

P.S. ამ ბლოგის წერისას, რომელიც დრაფტში ვიპოვე,  რა ვიცოდი რომ 2020 წლის კოვიდ-პანდემია გველოდა წინ 😦

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

ერკე მიდასი

სიყვარული ყოველივეს დაგვაძლევინებს

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.