Україна це ти? ანუ ჩემი ცეტური თავგადასავალი უკრაინაში

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ხიფათიანი დაბადების დღე გათენდა 2020 წელს. თუმცა სანამ გათენდებოდა უკვე ვიცოდი რომ კორონა-ვირუსის პირობებში დაგეგმილ გამგზავრებას კარგი არაფერი მოყვებოდა - აბა რანაირად შეიძლება ისე მოხდეს, რომ წინა დღით მოგინდეს დაზღვევის ამობეჭდვა და ვერსად იპოვო პრინტერი მთელ ქუჩაზე, მერე საშინელ წვიმაში მოყვე და გაციების შიშით აფთიაქს შეაფარო თავი და იქ აღმოაჩინო რომ პრინტერიც და შესაბამისად, საკმაოდ ძვირადღირებული ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც თურმე უკრაინაში არავის სჭირდება? 🙂 მოკლედ 9 სექტემბერს დილით მივედი ტაქსით თბილისის აეროპორტში და სანამ ჩემებს დავემშვიდობებოდი რეგისტრაციის გავლა მირჩია აეროპორტში მომუშავე გოგომ, სადაც აღმოჩნდა, რომ სქაიაირლაინსი არავის უშვებდა ბორტზე ერთი კონკრეტული 60 ლარიანი დაზღვევის გარეშე, რომელიც აეროპორტში უნდა გამეკეთებინა. ვუხსნიდი 4 საათიც არ მაქვს ვარშავის რეისზე გადაჯდომის დრო და აეროპორტიდან არ გავდივარ თქო, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, გაგიკვირდებათ და დამჭირდა ეს დაზღვევა 🙂 
სამსაათიან ფრენაზე ჩემს გვერდით ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა (სახეზე მეცნობოდნენ თუმცა არ ვერკვევი ამ სპორტში და შესაბამისად არ ვიცი მათი სახელები და გვარები, ერთი ეგ ვიცი რომ 8-ში კარგი თამაში ჰქონდათ და ლიხტენშტეინს მოუგეს), რომლებიც ასევე არ რჩებოდნენ უკრაინაში და ამსტერდამიდან ბელგიაში უნდა გადასულიყვნენ. მე მოვხვდი საავარიო გასასვლელის მე-18 რიგში ფანჯარასთან და მკაცრმა სტიურდმა სულ ზეპირად მამეორებინა რა უნდა და რა არ უნდა გამეკეთებინა თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემთხვევაში, ხოლო ბოლოს როცა მომთხოვა - აბა მანახე ეგ ფანჯარა როგორ იღებაო და ვერ გამოვწიე, ჩაიქნია ხელი და ეს ერთ-ერთი ფეხბურთელი დამახმარა 🙂 ჰოდა მთელი თვითმფრინავი თუ ჩემი ფანჯრის გამოღების იმედზეა, ჯობს აქედანვე ჩავიდე თქო და ნეტა მართლა ჩამოვსულიყავი:) ჰო მართლა სამსაათიანი ფრენის დროს ავიაკომპანიამ ერთი ჭიქა წყლით და პეპსის ქილით დაგვასაჩუქრა, რომელზეც მესი იყო გამოსახული და ბიჭებს ალბათ ძალიან გაუხარდათ მისი იქ ყოფნა 🙂 კოვიდრეგულაციების გამო არც პირბადე მომიხსნია და შესაბამისად, საჭმელიც არ შემოუთავაზებია კომპანიას რამე.

ჩავედით უკრაინაში და საპასპორტე გასასვლელში დაგხვდა რაღაც საშინელება: ამდენი ადამიანი ყველანაირი დისტანციის დაცვის გარეშე და ორი ზრდილობიანად თუ ვიტყვით არაკომპეტენტური გოგო, რომლებიც ვერ არკვევდნენ ვინ სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა და ა.შ. ერთერთი პირველი მივედი მათთან პასპორტის გადამოწმების მიზნით და ხან იქით მამისამართებდნენ ხან აქეთ სიტყვებით: ერთი წამი დაგველოდე, ერთი წამი დაგველოდეს ძახილით და ბოლოს აღმოჩნდა რომ არ მიშვებენ პოლონეთში, რადგან ვიზა 10 სექტემბერს იხსნება და 9-შია ჩემი ფრენა, არ აინტერესებთ რომ ისედაც უვიზო გვაქვს პოლონეთთან, თან ნახევარი საათიც არაა ფრენამდე და ბილეთის გადაცვლასაც ვერ ვასწრებ - ანუ თავიდან უნდა ვიყიდო და თან ეს ერთი დღე დაუგეგმავად კიევში დავრჩე. არავის ვუსურვებ იმ პანიკური შემოტევის და უსუსურობის შეგრძნებას რაც იქ განვიცადე, მაგრამ რაღას ვიზამდი. ჩემს თვალწინ აფრინდა ლოტის თვითმფრინავი, მე კი აქვითინებული დავრჩი აეროპორტში.

შემდეგ იყო ჩემი ჩემოდნის 7 საათიანი ძებნის პროცესი ბორისპოლის აეროპორტში, რომელზეც ვერ მეუბნებოდნენ ზუსტად თბილისში დარჩა თუ ვარშავაში წაიღეს უჩემოდ :)) საბოლოოდ ერთმა ქართველებისმოყვარულმა ხანშიშესულმა თანამშრომელმა ქალმა და კაცმა მიშველეს და ვიპოვე ჩემი წითელი ჩემოდანი ეულად სადღაც ქვედა სართულზე საბარგო საკანში.

ამასობაში მოსაღამოვდა და ვიფიქრე ბარემ კიევის ცენტრის ნახვაც მოვასწრო თქო, რადგან თავი ისედაც კიევში მეგონა და ბორისპოლი კი უბრალოდ აეროპორტის სახელი (როგორც თბილისის აეოპორტია რუსთაველის სახელობის 🙂 თურმე სად ვბანაობ - ბორისპოლი ცალკე ქალაქია, რომლის ცენტრშიც დამიჯავშნეს სასტუმრო ჩემმა უკრაინელმა კურსელებმა, რადგან მე უკრაინული ნომერი არ მქონდა და ვერსად ვრეკავდი და ქუჩის მისამართთან ერთად მოიწერეს რომ სასტუმრო ქალაქის ცენტრშია.
გავვარდი ნაპოვნი ჩემოდნით გარეთ და დგას ავტობუსი წარწერით - კიევის ავტოსადგური, ბევრი არც მიფიქრია და ჩემს ქართველ თანაკურსელთან ერთად (რომელიც ასევე არ გაუშვეს პოლონეთში იგივე მიზეზით) შევხტი შიგნით ძაან ბედნიერად. ასევე ბედნიერად გავაგრძელე ავტობუსის ფანჯრიდან ულამაზესი კიევის ყურება, სანამ ორსაათიან საცობში არ გავიჭედეთ და უბრალოდ ინტერნეტის გაზიარება არ ვთხოვეთ ადგილობრივ ახალგაზრდას, შემდეგ კი ყოველი შემთხვევისთვის გუგლის რუკით არ ვნახეთ ჩვენი სასტუმრო :)) აღმოჩნდა რომ სასტუმრო დაჯავშნილი იყო ქალაქ ბორისპოლის ცენტრში, აეოპორტიდან რამდენიმე წუთის სავალზე და ჩვენ კი ბედნიერად დედაქალაქში მივქროდით.

ამასობაში დაღამდა, მაგრად მშია და ავტობუსმაც მიაღწია ვაგზლამდე სადაც kfc დავინახე და ასე გემრიელად ჯანქ-ფუდი არასდროს მიჭამია. ბოლოს აქ მოგვაგნო ჩვენმა უკრაინელმა კურსელმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა იანამ და მაიდანზე წაგვიყვანა კიევის ძველი ნაწილის სანახავად, სადაც ულამაზესი მეტროსადგური ამოდის, კაფე "ხურმა" და უზარმაზარი ხის ეკლესიაა. სამწუხაროდ უკვე ღამე იყო და ყველაფერი დაკეტილი მაგრამ რაც შეგვეძლო ყველაფერი დავათვალიერეთ და ტაქსით წავედით ქალაქ ბორისპოლში კიევიდან, რადგან სხვა ალტენატიული ტრანსპორტი უკვე აღარ იყო ამ დროს :))
იანამ რომ გაიგო ჩემი დაბადების დღე იყო, სიმბოლურად რაღაც ტკბილეული მაჩუქა და დაგვემშვიდობა და ასე დასრულდა ჩემი 9 სექტემბერი ყოველგავრი ტორტების და სანთლების გარეშე, მაგრამ სიგიჟე თავგადასავლით, რომლის წყალობით ვნახე კიევი, რომელიც 2 წლის შემდეგ ომის ქარ-ცეცხლსა და უბედურებაში გაეხვეოდა.

P.S. სულ მგონია რომ ეს თავგადასავალი ჩემი უკრაინელი მარია ბებოს დამსახურებაა, რომელსაც ყოველთვის უნდოდა მისი სამშობლო მენახა, მაგრამ მის სიცოცხლეში ამ სურვილის ასრულება ვერ შევძელი 😦


ალბერ კამიუ და შავი ჭირისგან განუკურნებელი მსოფლიო

shop_product_image_284728

ამ ბოლო დროს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე აქტიურად ვეცნობი როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ  მასალას და შესაბამისად, როგორც კი  გამომცემლობა “პალიტრამ” მკითხველებს ალბერ კამიუს “შავი ჭირი” გვისაჩუქრა, მაშინვე ვიყიდე. წიგნი არაა სქელტანიანი და მეგონა მაქსიმუმ 2 დღეში წავიკითხავდი, მაგრამ ის იმდენად მძიმე წასაკითხი  და იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ თუ დაკვირვებით არ წაიკითხავ თითოეულ აბზაცს, შეიძლება მთლიანი წიგნი  ერთ ძალიან  უბრალო და ბანალურ  ამბად მიიჩნიო. ასე, რომ ჩემი წინასწარი ჩანაფიქრი ისევე როგორც “უცხოს” შემთხვევაში, უბრალოდ ვერ განხორციელდა.

ფრანგმა ფილოსოფოსმა ალბერ კამიუმ (1913-1960) “შავი ჭირი”  1947 წელს დაწერა,თითქმის 70 წლის წინ,  ეს არის პერიოდი როდესაცმეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია და მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ შოკშია მომხდარი მოვლენების გამო.  ესაა იგავური ნაწარმოები, ერთი შეხედვით საიგავო არაფერი ჩანს ამ წიგნში, თუმცა არაა ძნელი მისახვედრი რომ “უბრალო”  შავი ჭირი ვერ გახდებოდა ლიტერატურული შედევრის შექმნის საბაბი, რომ არა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც მთელმა კაცობრიობამ მოიხადა შავი ჭირის სახით. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პესიმისტურად მთავრდება, მთელი ნაწარმოების იდეა სიცოხლის უკანასკნელ წუთამდე ბრძოლის მხარდაჭერაა და ეს ყველაფერი ყველაზე მეტად წიგნის მთავარ გმირ ექიმში იგრძნობა, რომლის აზროვნებაც მე ძალიან მომწონს:

„სტიქიური უბედურება ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ  თავსაც რომ დაგატყდება, ძნელად თუ ირწმუნებ კაცი…მსოფლიომ ჟამიანობის შესახებ იმდენი შემთხვევა იცის, რამდენი ომიც გადახდენია, მაგრამ შავი ჭირიცა და ომებიც მოულოდნელად აცხრება  თავს ადამიანებს… ექიმი წუხდა და ამასთანავე იმედსაც ვერ შელეოდა. როდესაც ომი იფეთქებს, ადამიანები ამბობენ: „ომი დიდხანს ვერ გასტანს, ეს ხომ დიდი სისულელეა.“ ეჭვი არაა, რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა, მაგრამ ეს ვერ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა. ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, ადამიანი ყოველთვის თავის თავზე რომ არ ფიქრობდეს. ამ მხრივ არც ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გამონაკლისი, მათაც თავიანთი თავების გარდა არაფერი აგონდებოდათ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰუმანისტები იყვნენ: უბედურების არ სჯეროდათ. ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო. მაგრამ იგი ყოველთვის როდი ქრება. სამაგიეროდ, ცუდ სიზმრებს შორის ქრებიან ადამიანები და თანაც უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები, რადგანაც სიფრთხილეს არას დაგიდევენ.“ 

ექიმი რიე ძალღონეს არ იშურებს თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად და საბედნიეროდ მას ჰყავს თავდადებული მეგობრებიც, რომლებიც სწორედ ჟამიანობასთან ბრძოლის დროს იპოვა.  ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მამა პანელუს აზროვნებამ, რადგან სასულიერო პირების დამოკიდებულება ასეთი ეპიდემიების დროს ძირითადად უფლის სასჯელს უკავშირდება ხოლმე და სწორედ ასე ბანალურად ფქრობს მამა პანელუც. იგი ყოველ კვირა დღეს ქალაქის მაცხოვრებლებს ასმენინებს საკუთარ ქადაგებას, კიცხავს მათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ისიც ცდილობს რაღაც ხსნის გზა იპოვოს.

“თქვენ გეგონათ, საკმარისი იყო, ღმერთი კვირაობით მოგენახულებინათ, რომ დანარჩენი დღეები თქვენს გუნებაზე გეტარებინათ. თქვენ ფიქრობდით, ერთი-ორჯერ მუხლის მოდრეკა საკმარისი იყო, რომ თქვენი დანაშაულებრივი უდარდელობა გამოგესყიდათ. მაგრამ ღმერთს თავისი უნდა მიაგოთ. თქვენი იშვიათი სტუმრობა არ ჰყოფნის მის მგზნებარე სიყვარულს, მას უნდა მუდამ გხედავდეთ. ასეთია მისი სიყვარულის გამოვლენა და მართალი რომ ითქვას, სწორედ ასეთია ჭეშმარიტი სიყვარული. ამიტომაა, რომ თქვენი ლოდინით დაქანცულმა უბედურება მოგივლინათ ისევე, როგორც ყველა ცოდვილ ქალაქს, მას აქეთ რაც ადამიანები ჟამთა აღწერას მისდევენ.“

მამა პანელუ არ ემხრობა პრობლემის მეცნიერულ და სამედიცინო გადაწყვეტას მანამ, სანამ მას ხელში არ ჩააკვდება 12 წლის დაავადებული ბავშვი და  მიხვდება, რომ უბრალოდ პასუხი არ აქვს ექიმ რიეს მარტივ შეკითხვაზე:”ეს ბავშვი რა ცოდვებით იყო დამძიმებულიო”.

თვითონ ქალაქი ორანი შავ ჭირამდე ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სადაც „რა თქმა უნდა, დღეს იმაზე ბუნებრივი არა არის რა, რომ შეხვდე ადამიანებს, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, მერე კი ბანქოს თამაშში, კაფეებსა და მასლაათში კარგავენ   დროს, ცხოვრებისათვის რომ რჩებათ. მაგრამ არის ისეთი ქალაქები და ქვეყნებიც, რომელთა მკვიდრთაც მოულოდნელად ეჭვი აღეძვრებათ, ეგებ სხვა რამეც არსებობსო.“თუმცა ორანში დღეები ერთფეროვნად გადის და მის მაცხოვრებლებსაც სხვა ცხოვრებაზე ეჭვი არასდროს აღძვრიათ.

შავი ჭირის ნიშნები ქალაქს მკვდარი ვირთხების გამოჩენიდან აღმოაჩნდა, თუმცა ამ საშინელებას არავინ აღიარებდა საკუთარი უვიცობისა თუ სირაქლემის პოზის გამო: „ქვეყნად არსებული ბოროტება თითქმის ყოველთვის უვიცობით გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება. ადამიანები უფრო კეთილნი არიან, ვიდრე ბოროტნი, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ თავიდათავი ეს როდია. ადამიანები მეტ–ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი ის უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია… ბრმა ხილვის, სრული სიცხადის გარეშე არც ჭეშმარიტი სიკეთე არსებობს და არც მშვენიერი სიყვარული.“

თუმცა სიყვარულიც სხვანაირად ესმით ორანელებს: “კაცები და ქალები ან საჩქაროდ შთანთქავენ ერთმანეთს იმის შემწეობით, რასაც სიყვარულის აქტი ეწოდება, ან არადა, ჩვეულების მონები ხდებიან. ამ უკიდურესობათა შორის საშუალო ხშირად არ არსებობს. არც ესაა მაინცდამაინც უჩვეულო რამ. ორანში თუმც ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან, რომ უყვართ.” 

ბოლოს ჭირიანობაც სრულდება. ექიმს ქუჩაში გამოსული ხალხის მხიარულ იშეძახილები ესმის და ხვდება, რომ ნებისმიერ ბედნიერებას, ნებისმიერ სიხარულს ყოველთვის ემუქრება დიდი საფრთხე. ჭირის მიკრობი შეიძლება ათეულობით წელი თვლემდეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ინებოს და კვლავ მოავლინოს ბედნიერებით სავსე ქალაქის ქუჩებში ასობით და ათასობით ავის მომასწავლებელი ვირთხა…

P.S. ამ ბლოგის წერისას, რომელიც დრაფტში ვიპოვე,  რა ვიცოდი რომ 2020 წლის კოვიდ-პანდემია გველოდა წინ 😦

მჭადიჯვრის შემოგარენი

მჭადიჯვარი დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია, რომელშიც გაერთიანებულია 18 სოფელი: კადოეთი, ბაქაქურები, ებნისი, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ქვემო შუახევი, ილტოზა, ლამოვანი, მილისწყარო, მჭადიჯვარი, ოძისი, ქვემო კოდისწყარო, ქვიტკირის წყარო, ციხევდავი, წიწამურა, ჭაშა, ჭილურტი.

ყველა სოფელს საკუთარი ისტორია და კულტურული ღირსშესანიშნაობა გააჩნია, მაგრამ აქედან განსაკუთრებით გამორჩეულია: დრამატურგი ძმების- ერისთავების სახლ-მუზეუმი ოძისში. აღსანიშნავია, რომ გიორგი ერისთავის “გაყრა” პირველად ქალაქ დუშეთის სახალხო თეატრში დაიდგა.

გვირილები

21232_816126721810211_7859282247940878471_n

გვირილა ჩემი საყვარელი ყვავილია და ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი მგონია,  ჰოდა ვფიქრობ ის ყვავილთა სამეფოს ფიფქია გოგოა. კიდევ მახსოვს, გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” როცა წავიკითხე, როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე მარიამ-გვირილას, რომელსაც ჩემთვის ყოველთვის მზისფერი რბილი თმები და მწვანე თვალები ჰქონდა, ყველაზე თბილი ხელები და მხრები.

მოკლედ, მე მიყვარს ჩემი თეთრი გოგო და ყოველთვის გულიანად ვუღიმი შეხვედრისას 🙂

 

სანამ შენ მოწევ სიგარეტის უკანასკნელ ღერს

alone_man_7_by_scheissegal

 

სანამ შენ მოწევ სიგარეტის უკანასკნელ  ღერს

(სარკმლისკენ ზურგით),

ამ ურჩხულებით დასახლებულ მსოფლიოს ანთებს

ნეონის შუქი…

შენ მოგზაურობ მთვარისფერი ოცნების ფრთებით

ხმაურში ქუჩის…

ფიქრობ, რომ ყველას ცხოვრებაა ვინმეს სიზმარი:

კარგიც და ცუდიც…

სანამ შენ მოწევ სიგარეტის უკანასკნელ ღერს,

მთავრდება ფილმი:

უერთმანეთოდ რომ ვცხოვრობდით და რომ არ მოვკვდით

არცერთი გმირი…

ვუსმენთ სიჩუმეს – მაღალ ხმაზე აწეულ ნოტით

და მსგავსად დილის,

ფინჯნებში ჩაი გაგრილდება, როგორც ყოველთვის.

(მე მიყვარს ცივი).

სანამ შენ მოწევ  სიგარეტის უკანასკნელ ღერს

ფანჯრის რაფაზე,

და ჩაისუნთქავ ნისლიანი კვამლის ფიქრებით

სავსე ნაფაზებს,

მე ოთახიდან ჩუმად გავალ, ავკინძავ სიზმრებს –

ფერად ნახაზებს,

დიაფრაგმაში დავაგროვებ პატარა პეპლებს

უცხოდ ლამაზებს…

სანამ შენ მოწევ სიგარეტის უკანასკნელ  ღერს,

შეწყდება წვიმა,

რომელსაც ხშირად ვუსმენ ხოლმე საღამოობით

და როგორც ვივალდს,

გადავყავარ სხვა სამყაროშიან შენს სიზმრებში…

და მშვიდად მძინავს…

დაკეცილ ფიქრებს ამოვიდებ თავქვეშ ბალიშად:

„მე შენთან მინდა“.

16.06.2014

სხვა ცხოვრებაში

10256076_769846579705951_6082043380535277103_n

ამ უღრან ტყეში,

მოკვდავნი რომ ცხოვრებას უწოდებენ,

ჩვენ საკუთარი ბილიკები

ისე დავკარგეთ,

რომ უკვდავებად გადავიქეცით.

იმ წყვდიადში კი

ადამიანები რომ კვლავ იბადებიან

და მერე წყვდიადშივე ქრებიან,

ჩვენ დავავიწყდით

და სამყაროს გამოვექეცით.

ეს ოთახიც ისეთი ჩუმი გახდა,

რომ სიკვდილმა

პეპელასავით გაშალა ფრთები,

წვიმა და ქარი  ზეცას შეატოვა

და ჩვენ გავიქეცით…

მაინც გავიქეცით

იმ ღმერთის საძებნელად,

სხვები რომ წიგნებში პოულობენ

ან წინასწარმეტყველებებში

უშედეგოდ ელიან.

ჩვენ კი ერთმანეთს

ჩავხედავთ თვალებში

და უფლის და სამოთხის არსებობას

მაშინვე ვიწამებთ,

თუ არ წავიქეცით.

თუ არ წავიქეცით

და მუხლებგადატყავებულები,

მაზოლებით დასერილი ხელებით

დროში ისევ არ ავცდით

ერთმანეთს სამუდამოდ.

რადგან ცხოვრება ისეთი

სასტიკია, თვალებში შეყრილ

ვარდისფერ ქვიშას

უკვალოდ მოგაშორებს…

ასე, რომ გაექეცი!

შორს გაექეცი!…

11.05.2014

ჯონ აპდაიკის გაქცეული ბაჭია

ჯონ აპდაიკი ეს ის თანამედროვე მწერალია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა (1932–2009) და მისი შემოქმედება იმდენად ახლოსაა ხალხთან, რომ მკითხველის წერილებს სიცოცხლის ბოლომდე იღებდა. “ბაჭია, გაიქეცი” (1960) ჯონ აპდაიკის ე.წ. “კურდღლის” სერიის პირველი წიგნი და მის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. ამ წიგნში იმდენად კარგადაა გადმოცემული 60-იანი წლების ამერიკა, მისი ცხოვრება, რეკლამები, სიმღერები, ბილბორდები, რომ მწერალს საკუთარ სამყაროში ძალიან ადვილად  შეჰყავხარ.

john_updikeაი მთავარ გმირზე კი რა გითხრათ, არ ვიცი 🙂 26 წლის ჰარი ენგსტრომი, მეტსახელად ბაჭია სკოლაში სწავლისას ცნობილი კალათბურთელი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი. შემდეგ დაოჯახდა, ბიჭი შეეძინა, მაგრამ ბედნიერი არ არის–ცოლი სვამს და არც ის ახარებს, რომ მალე კიდევ ერთი შვილი ეყოლება. პასუხისმგებლობა, მოსაწყენი სამუშაო, ცოლის მშობლები, რომლებიც ალმაცერად უყურებენ სიძეს, მომავლის უპერსპექტივობა… ბაჭიამ იცის, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არც ეს შეუძლია და გარბის, რადგან ყურს უკან ჩამოიტოვოს ყველა ის პრობლემა სიცოცხლეს რომ უწამლავს. ბაჭიამ დაკარგა გზა, რომელიც ბედნიერებასთან მიიყვანს, დაკარგა საკუთარი თავი და ისიც გარბის საკუთარი თავის საპოვნელად. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ის ნამდვილი ლაჩარი, უნებისყოფო და ეგოისტი ტიპია, რომლის გამოც იღუპება მისი მეორე შვილი და მე ამის პატიება ვერ შევძელი მისთვის.

Rabbit-Run“ყველა ამბობს ზარმაციაო, მაგრამ ასე არაა…იგი ზარმაცი არასოდეს ყოფილა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ზოგჯერ წავიტრაბეხებდით, რომ კალათბურთს კარგად თამაშობდა, პასუხად კი გვესმოდა-,,მაგისთვის ადვილია, აგერ რამსიმაღლე არისო, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენს მუშაობდა იგი. ყოველ საღამოს დაღამებამდე ეზოში ბურთს ტყორცნიდა, გვიკვირდა, ამ სიბნელეში რას არჩევდა.”

მომეწონა ბაჭიას აზროვნება სასულიერო პირებთან დაკავშირებით: „მღვდლებს ალბათ მხოლოდ ერთი რამე სურთ–ყველა ადამიანის ერთ ზომაზე გაკრეჭა“.

ასევე მომწონს მამა ეკლზის აზროვენებაც, რომელიც ჰარის სწორ გზაზე დაბრუნებას ცდილობს და უხსნის: „სამყარო ასეა მოწყობილი–სწორი გზა თავდაპირველად მცდარი გვეჩვენება ჩვენი მრწმასის გამოსაცდელად.“ თვითონ მამა ეკლზი კი „იტყუება ღვთისმსახურების დროს, ყოველი დასწავლილი ფრაზის წარმოთქმისას, როდესაც ჩვენს მამას ახსენებს, გულში კი ნამდვილ მამას გულისხმობს, რომლის გულის მოგებასაც ცდილობდა. მთელი სიცოცხლე ცდილობდა ამ ღვთის გულის მოგებას, რომელიც სიგარებს ეწევა“.

ჰარის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შაბათის მიმართ: „შაბათს ცა მოწმენდილია და გამჭვირვალე. ბავშვობიდანვე ყოველ ამ დღეს მოსალოდნელი მატჩის წინ, ცა მისთვის სუფთა ტაბლას წარმოადგენდა, რომელზეც ანგარიში ჯერ არ დაწერილიყო…

სასაცილოა ბაჭიას არგუმენტები, როდესაც ცოლის მიტოვების შესახებ ეკითხებიან:

–ისეთი რა გააკეთა, რომ ენისი მიატოვეთ?–ეკითხება მამა ეკლზი.

–მთხოვა მისთვის კოლოფი სიგარეტი მეყიდა. ეს სიმართლეა, მომბეზრდა ხელზე მოსამსახურედ ყოფნა, მუდმივად დატოვებული ჭუჭყისა და ნაგვის აღება, სულ მეჩვენებოდა რომ დამტვრეულ სათამაშოებს, ცარიელ ჭიქებსა და ტელევიზორს უნდა ვყოფილიყავი მიჯაჭვული. დროულად ჭამა მენატრებოდა, აღარ ვიცოდი რა მექნა. მერე კი უეცრად მივხვდი რა იოლი ყოფილი გამოსავლის ძებნა. უნდა ადგე და წახვიდე…“

საკუთარი მწვრთნელიც კი გაოგნებულია მისი საქციელით.

downloadტოთერო: –რატომ წამოხვედით სახლიდან?

–ლოთი ცოლი მყავს.

–დახმარება თუ გიცდიათ?

–კი, მაგრამ როგორ?

–მასთან ერთად თუ დაგილევიათ?

–არა, ვერ ვიტან ამ მყრალ სითხეს, სუნზეც კი გული მერევა…

– თქვენ ამბობთ, რომ არეულ დარეულობა გულს გიმძიმებთ. იმაზე თუ დაფიქრებულხართ სხვა ახალგაზრდა წყვილები რას გრძნობენ? რატომ გგონიათ რომ გამონაკლისი ხართ?

–ფიქრობთ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ არა. ოდესღაც ხარისხიან კალათბურთს ვთამაშობდი, მართლაც ხარისხიანს. მას შემდეგ რაც ადამიანი კარგ ხარისხს გემოს გაუგებს, ცუდი ხარისხი აღარ აინტერესებს. ის კი რაც მე და ჯენისს შორის არსებობდა, სწორედაც რომ ცუდი ხარისხი იყო და მეტი არაფერი.“

სასციალოა ის ფაქტიც, რომ ცოლის მოღალატე და შემდეგ საყვარლის მიმტოვებელი ჰარი ფიქრობს, რომ „სიყვარული არასოდეს მთავრდება”.

მოკლედ, წაიკითხეთ აპდაიკის ბაჭიას ისტორია და გარშემო თუ მიმოიხედავთ, მთავარი გმირის მსგავსი ტიპაჟების დანახვა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ვერ გეტყვით წიგნის წაკითხვის შემდეგ სიამოვნებას მიიიღებთ, მაგრამ სარგებელს ნამდვილად მოგიტანთ.

ჰაინრიხ ბიოლის “უკაცო სახლი”– მთავარი გმირის გარეშე დარჩენილი რომანი

princeნობელის პრემიის ლაურიატი და ჩემი აზრით, საუკეთესო გერმანელი მწერალი, რომლის წიგნებსაც მხოლოდ   კი არ კითხულობ, უბრალოდ შიგნითაც ყველაფერს ხედავ, “უკაცო სახლში” დასავლეთ გერმანიის ომის შემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს. იმ პერიოდზე, როცა შიმშილის, შავი ბაზრის, სასურსათო ბარათების, სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მოხელეებისათვის წვნიანის შეღავათიან ფასებში გაცემის ხანა წარსულს ჩაბარდა, როცა ქვეყანაში ამერიკული ჯიპების რახრახი მიწყდა და ორად გაყოფილი გერმანიის გადაღმა მხარეს დარჩენილი ერიც თავის სინდისთან მარტო აღმოჩნდა.

ქვეყანა ნანგრევებისგან გაწმინდეს, შელეს–შემოლესეს, მაგრამ ამ სახელდახელოდ გაკეთილშობილებული ფასადის მიღმა ის უკაცო სახლები და ტრავმირებული, ჯერ კიდევ გაოგნებული ადამიანები დარჩნენ ისევ წარსულზე რომ იყვნენ მიჯაჭვულნი. ადამიანები თითქოს გზის გასაყარზე აღმოჩნდენ, სადაც რეალობა ნაზავი იყო წარსულისა და აწმყოსი. “აწმყო და წარსული ერთმანეთს ენაცვლებოდა, დისკოებივით ტრიალებდა და იმ  წერტილს ეძებდა, სადაც  ორთავე ტოლდიდი იქნებოდა”. 

სწორედ ამ ყველაფრის დასანახად მთავარი გმირები წიგნში ბევრნი არიან: პატარა მარტინი, დედამისი ნელა ბახი, ბებია, მამის მეგობარი ალბერტი, მეგობარი ჰაინრიხ ბრილახი თავისი ღარიბი ოჯახით და რა თქმა უნდა მარტინის ომში დაღუპული მამა და ნელას ქმარი–ახალგაზრდა პოეტი რაიმუნდ ბახი, რომელიც ჯარში იძულებით წავიდა. თუმცა ოჯახს ასევე აჩრდილივით დასტრიალებს პოეტის მკვლელი გეზელერის სახელი, რომელმაც პირადი მტრობის გამო ახალგაზრდა ჯარისკაცი “უეჭველ სიკვდილზე გაგზავნა”–ჩემი ბრძანება უნდა შესრულდესო, თვითონ კი დღემდე საზოგადოების ღირსეული ინტელიგენტის სახელს ატარებს.

ნელას პორტრეტი ნაწარმოებში ხატოვნადაა გამოძერწილი, თუმცა იგივე უნდა ითქვას სხვა გმირებზეც: ბებიაზე, წელიწადში 26f83948a268ორჯერ რომ წყლებზე მიემგზავრება დასასვენებლად და კურორტებიდან დიდრონ–დიდრონი ასოებით დაწერილ მოკითხვის ბარათებს აგზავნის სახლში. ბოლდაზე, ეკლესიების კურთხეულ რეცხვა–ხეხვისაგან ყოველთვის რომ “თუთქის სუნი უდის”; გლუმზე, სადღაც ინდოეთის საზღვართან დაბადებულ იმ კბილებდამძვრალ, უშნო და კეთილ გლუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა. ასევე სხვა გმირების პორტრეტები–იქნება ეს ძია ალბერტი, ჰეინრიხის დედა –ვილმა ბრილახი, საპარსი კრემების სუნით ერთიანად გაჟღენთილი ლეო თუ თავის სახაბაზოში სიყვარულის მადიდებელი ჰიმნების მღაღადებელი ხაბაზი–იმდენად დახვეწილია ფსიქოლოგიურად, იმდენად დამაჯერებელი, რომ ეჭვიც არ შეგეპარება მათი არსებობის რეალობაში და ზოგჯერ პირველობის ზღვარიც კი იშლება მთავარ გმირებს შორის.

თუმცა მთავარი გმირები მაინც ბავშვები არიან: მარტინი და ჰეინრიხი და სწორედ მათი თვალითაა ხშირად დანახული დანარჩენი გმირები და სამყაროც, მაგრამ ავტორი არასოდეს იყენებს საუბარში პირველ პირს და საკუთარი ენით აღწერს მათ განცდილს. აი მაგალითად: მარტინს “სიფრთხილე მართებდა იმიტომ, რომ ჩართულ შუქზე შეიძლება ბებია გამოვარდეს გარეთ, აათრიოს თავის ოთახში, გამოკითხოს კათეხიზმო, საჭმელი დააძალოს, მუცელს ამოუყორავს მოვარდისფრო ხორცის ნაჭრებით, ტკბილეულობით, ალბათ არც ალერსს მოაკლებს, მერე კი კატეხიზმობანას მოინდომებს და შეკიტხვებს დაუსვამს “გეზელერთან დაკავშირებით”. შეიძლება სულაც კიბეზე გადმოდგეს და დაიღირიალოს: “ი ს ე ვ  ს ი ს ხ ლ ი  მ ა ქ ვ ს  შარ დ შ ი” და ცრემლად დაღვრილმა ღამის ჭურჭელი აქეთ–იქით იქნიოს. მარტინს გული ერევა ხოლმე შარდის დანახვაზე და ცოტა არ იყოს ბებოსიც ეშინია.” 

imagesნაწარმოებს რეალობას მატებს მატერიალური ყოფის აღმწერი დეტალებიც, ბიოლი ხშირად გვიხატავს სხვადასხვა ფირმის მიერ შემოთავაზებულ ნაირნაირი სარეკლამო ტექსტების შინაარს, გმირების სადილის შემადგენლობას და ამას იმისათვის აკეთებს, რომ უფრო მწვავედ წარმოაჩინოს სოციალური უთანასწორება, რადგან მარტინი და ჰეინრიხი სხვადასხვა ფენას განეკუთვნებიან.  ამას პირველად კონსერვების ქარხსნის მეპატრონის შვილიშვილი მარტინი მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც შემთხვევით ჰაინრიხის მიერ შედგენილი საყიდელი პროდუქტის სია გადაიკითხა და გაიგო, რომ ბრილახები მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ 28 მარკით ცხოვრობდნენ, თვითონ მარტინმა და ბებიამ კი  რესტორანში 18 მარკა და 70 პფენინგი მხოლოდ ერთ ვახშამში გადაიხადეს. ამ უეცარი შედარების შემდეგ მარტინს თავზარი დაეცა და წამოიძახა:ღმერთო, შენ შეეწიე ჰაინრიხ ბრილახს!..” (ნაწარმოებში ასევე ხშირად გვხდება ფრაზები: “და თუ შენ ღმერთო არ მოგვიტევე, ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო” და ” ო, ზეციერო, ქვესკნელიდან შემოგღაღადებ”).

ჰაინრიხი მარტინისაგან განსხვავებით, გუმანით გრძნობს ამ განსხვავებებს და იცის მოჩვენებითი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდება: ასეთი გრძნობა მაშინ დაგეუფლება, ყინულზე როცა მიაბიჯებ, ყინულის თხელ ფენაზე, არადა ისიც არ იცი რა სიღრმისაა წყალი. ყინული ჯერ არ ჩაგტყდომია ფეხქვეშ, დახრჩობასაც არავინ გაცლის, გაღმაც და გამოღმაც მომღიმარი ადამიანები დგანან და ოდნავადაც რომ წაიფორხიალო შენს საშველად გამოქანდებიან. თუმცა არც ეს შეცვლის რამეს: ყინული შეიძლება ნებისმიერ დროს ჩატყდეს, წყლის სიღრმე კი გაურკვეველია.” 

ნელა ბახისთვის კი ცხოვრება დაუმთავრებელ კინოფილმს წააგავს, ბოლომდე რომ იყო გადაღებული, მაგრამ მისი მთლიანად ნახვა ნელამ ვერ მოახერხა: ეკრანზე გამოსვლის წინ ეს ფილმი დაჭრეს, დაჩეხეს და ფირის ნაკუწებიც სანაგვეში გადაყარეს. ამიტომ წიგნში ხშირად ვხვდებით ქალის იმპროვიზირებულ ოცნებებს და სადღაც რუსეთში, კალინოვკასთან დაღუპული პოეტის მეუღლე თავს იბრუებს იმაზე ფიქრით თუ როგორ აეწყობოდა მისი და ყველას ცხოვრება, მეუღლე რომ ცოცხალი გადარჩენილიყო (“ერთი რამ სულ მუდამ ასე დარჩება: მამაკაცი იმაზე უკეთესს ვერაფერს შესთავაზებს ქალს, თუ არა ცოლად გამომყევიო”)

მაგრამ “ნელას ისღა დარჩენია სიგარეტი გააბოლოს და ფარდის ოქროსფერი ფარჩის საკილოვეს ისე ჩააფრინდეს, რომ ფეხზე შეიმაგროს თავი. გარდასულ დღეთა ექო ნელას ისევ ესმის ყურში, სადღაც სულ ახლოს ესმის ბუტბუტი: “…იურერი”, ..ხალხი”, “…ამშობლო”… კვლავ ახმიანდა თავმოკვეთილი ტყუილი, თავის დროზე წყევლასავით, რომ დაატყდა თავს. მას აქეთ თითქოს ათასი წელი გავიდა და ის რამდენიმე თაობა ამ კერპებს რომ ეთაყვანებოდა , რა ხანია მიწამ შეჭამა.. მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა სამად–სამ დამახინჯებულ სიტყვას, ადამიანები ამ სამად–სამი სიტყვის გამო დახოცეს, დაწვეს, დახვრიტეს, გათელეს და გაზის საკნებში გამოახრჩვეს…”

img_book_full

ნელას პირადი ცხოვრება დაინგრა, დაინგრა ისევე როგორც მილიონობით სხვა ადამიანის ცხოვრება და ნელა ამაში ომს ადამაშაულებს, ადანაშაულებს ფაშიზმსა და სამღვდელოებას, ყველა იმ “სისხლით ხორცამდე გერმანელს”, ვინც თავის დროზე ქვეყანაში ნაციზმის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. არადა ეს ხალხი ისევ ტრიალებს საზოგადეოებაში, ბევრი მათგანი ასე ვთქვათ “სულიერად გარდაისახა” და საზოგადოებისგან ცოდვებშენდობილი ისევე თამამად ლაპარაკობს “ჰუმანიზმზე”, “სიკეთეზე”, “არა კაც ჰკლაზე”, როგორც ერთ დროს ნაციონალ–სოციალიზმის იდეებს ქადაგებდა. ასეთ “მოქცეულთა” რიცხვს ეკუთვნის ყოფილი ნაცისტი შურბიგელი, რომელმაც ჯერ კიდევ 1934 წელს  დაწერა დისერტაცია თემაზე: “ფიურერის სახე თანამედროვე ლირიკაში”.

“შურბიგელი ტანმაღალია, ზორბა; მწუხარება მის სახეს ყოველ ახალ მოხსენებაზე ერთიორად დაეტყობა ხოლმე, მოხსენებები კი შურბიგელს უამრავი აქვს წაკითხული. ყოველი მოხსენების შემდეგ შურბიგელი კიდევ უფრო წარმოსადეგი, კიდევ უფრო  ზორბაა ხოლმე და ნელასაც ასე ეჩვენება, თითქოსდა მის წინ საოცრად ერუდირებული, საოცრად დამწუხრებული ბუშტია, დღითი დღე რომ იბერება და ერთ მშვენიერ დღეს ალბათ გასკდება კიდეც, ხოლო ამ ბუშტისგან არაფერი დარჩება, გარდა ერთი პეშვი კონცენტრირებული, აყროლებული მწუხარებისა.”

წიგნში კარგად ჩანს ბიოლის უარყოფითი დამოკიდებულება ნაციზმის მიმართ და ეს დამოკიდებულება მისი დაბადების ადგილას მიგვიყვანს: მწერალი 1917 წლის 21 დეკემბერს ქალაქ კოლნში დაიბადა და მისი ანტიფაშისტური განწყობა და ნაწარმოებები ქალაქის სულის გავლენაცაა, რადგან კათოლიციზმის მძლავრად ფესვგადგმული კოლნი ფაშიზმის დამყარების შემდეგაც ბარიერად ედგა ჰიტლერიზმს ფარულ ოპოზიციაში. თავის დროზე კი სწორედ კოლნი იყო ქალაქი, სადაც ბიოლის თქმით, “ჰიტლერს საყვავილე ქოთნები დააყარეს, ხოლო გერინგი მასხრად აიგდეს და ეს პირსისხლიანი კოხტაპრუწა აიძულეს ქალაქში გატარებული ერთი საათის განმავლობაში სამჯერ გამოეცვალა მუნდირი.”

ბევრს აღარ გავაგრძელებ და გირჩევთ,  აუცილებლად წაიკითხეთ “უკაცო სახლი” და ჩაიძირეთ კაცობრიობის ისტორიის ერთ–ერთ სამარცხვინო პერიოდის ადამიანურ ისტორიებში. გპირდებით, არ ინანებთ.

როგორ გავხდი იდოტი

პოსტის სათაურიდან გამომდინარე, ვინმეს რომ არ ეგონოს დოსტოევსკის “იდიოტზე” ვაპირებდე საუბარს, გეტყვით რომ ეს სახელწოდება ახალგაზრდა ფრანგი მწერალ მარტენ პაჟის პატარა წიგნს ეკუთვნის და სულ რაღაც 128 გვერდს შეიცავს. რომანის მთავარი გმირიც ახალგაზრდა 25 წლის ბიჭი ანტუანია, რომელიც საოცარი ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს საკუთარ თავზე. ექსპერიმენტის შინაარსი კი საკმაოდ უცნაურია: განათლებული და ჭკვიანი ადამიანი უნდა გადაიქცეს იდიოტად და საინტერესოა ის, რომ ანტუანი  იდიოტად მიიჩნევს ჩვეულებრივი ხალხის მასას, ანუ მას უნდა რომ იქცეს ერთ–ერთი რიგით მოქალაქედ და აღარ ადარდებდეს ამ ქვეყნად არაფერი.

ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან იოლია, მაგრამ ანტუანისთვის არა და იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ რატომ არაა ეს იოლი, ანტუანის დახასიათებას გთავაზობთ: “ანტუანს ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ ძაღლის სისწრაფით ბერდებოდა. შვიდი წლის ბავშვი ორმოცდაცხრა წლის გაცვეთილი მამაკაცივით გრძნობდა თავს, თერთმეტისას–სამოცდაჩვიდმეტი წლის მოხუცის მსგავსად ყველა ილუზია დაემსხვრა. ოცდახუთი წლისამ კი მშვიდი ცხოვრების მოპოვების იმედით იდიოტად ჩამოყალიბება გადაწყვიტა. არაერთხელ დარწმუნებულა რომ “ინტელექტი” მშვენივრად მოფიქრებულ და შელამაზებულ სისულეებს ნიშნავს, ჭკუა ზედმეტი ბარგია და ხშირად სიბრიყვით უფრო მეტ ხეირს ნახავ, ვიდრე თავგამოდებული ინტელექტუალობით. ჭკუა გაუბედურებს, მარტოსულად, არაფრისმქონედ გაქცევს, მაშინ როცა ჭკვიანად თავის მოჩვენება საგაზეთო უკვდავებას გთავაზობს და იმათ აღრფთოვანებასაც გპირდება, ვისაც წაკითხულის სჯერა.”

მართლია წიგნი არაა მაღალი ღირებულების, რაც ახალგაზრდა ავტორს ეპატიება და ნაწარმოების მთავარი გმირიც ჩემთვის ნამდვილი იდოტია, ოღონდ ჭკვიანი იდიოტი, რადგან შეუძლებელი გქონდეს ჭკუა და მის გამოყენებას არ ცდილობდე, მაგრამ ამ უცნაური  ექსპერიმენტის შედეგით დაინტერესებულმა , ბოლომდე მაინც წავიკითხე. წავიკითხე და ამას არც ვნანობ, რადგან ბევრი სიტუაცია მეცნო და ბევრ რამეშიც დავეთანხმე ანტუანს, თუმცა ვიმეორებ ის ნამდვილად არ ჯდება არც იდიოტის და არც ინტელექტუალის ჩარჩოებში, ის  მათ შორის არსებულ ცნებასთან უფრო ახლოსაა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე  პიროვნება ნამდვილად არის. ამას მოწმობს მისი დღიურის ჩანაწერიც: “მინდა მეც შევძლო თქმა: დედანატირებ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ცოცხალი ვარ და არაფრის მეშინია”. ამ ნათქვამის საპირისპიროა მისი ფიქრები: “რასაც  უნდა ვაკეთებდეთ, რაც უნდა გავაკეთოთ, ყოველთვის არსებობს მორალი, რომელიც ჩვენი  პიროვნების ხარჯზე იკვებება და სუქდება.”

იმისათვის, რომ იდიოტი გამხდარიყო, ანტუანმა პირველ რიგში ალკოჰოლს მიმართა, რადგან მისი აზრით მთვარელი კაცი არაფერზე არ დარდობს და საფიქრალიც არ აქვს, თუმცა მას დაავიწყდა ის ფაქტი, რომ სასმელზე ალერგია ქონდა. მართლა გამეცინა მის მეთოდზე, სანამ ლოთობას გადაწყვეტდა, საჯარო ბიბლიოთეკას რომ მიმართა სასმელების თვისებების გაცნობის მიზნით და შემდეგ ბარში გადაწყვიტა ვინმე ამ საქმეში გამოცდილი მასწავლებელი აეყვანა:) “იცით აღმოვაჩინე, რომ ალკოჰოლი მჭიდრო კავშირშია კაცობრიობის ისტორიასთან და მას უფრო მეტი  მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ქრისტიანულ რელიგიას, ბუდიზმსა და ისლამს ერთად!..” –აღფრთოვანებული უყვება თავის გამობიჟვინებულ მასწავლებელს ანტუანი ალკოჰოლის შესახებ და ის კი მაშინვე სკეპტიკური ღიმილით გააჩუმებს: “ბევრი კითხვით ალკოჰოლიკი ვერ გახდები”–ო. ანტუანი პასუხობს:” არამეული ვიცი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ძრავების შეკეთებაც ვისწავლე, თაფლის ამოღებაც, ჩემი მეზობლის ძაღლის პამპერსების გამოცვლაც და 15 წლის რომ ვიყავი არდადეგების ერთი თვე ძია ჟოზეფთან და მირანდა ბიცოლასთან გავატარე. ახლა კი, თქვენი დახმარებით ალკოჰოლიკი მინდა გავხდე. ასეთია ჩემი ნება!.,  საბოლოოდ კი ანტუანი ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში ხვდება და ახალი მეთოდის ძებნას დაიწყებს, მაგრამ უშედეგოდ.

მას უნდა დაკარგოს საკუთარი თავი, რადგან “აღარ შემწევს ძალა ის ვიყო, რაც ვარ, აღარ მაქვს საკუთარი ინდივიდუალობის რამენაირად გამომჟღავნების სურვილი. ინდივიდუალობა ფუფუნებაა, რაც ძალიან ძვირი მიჯდება. მინდა უბრალოდ მოცვენებად ვიქცე, ყელში ამომივიდა აზროვნების თავისუფლება, ამდნეი ცოდნა და ეს დაწყევლილი სინდისი! ანტუანის აზრით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საუკეთესო სიტუაციებშიც არაფერი გამოსდით. შეიძლება ქაშმირის კოსტუმი გეცვას, მაგრამ მაწანაწალას ჰგავდე, იყო მდიდარი და ვალებით სავსე, მაღალი და კალათბურთს ვერ თამაშობდე. ახლაღა ვაცნობიერებ რომ მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი უპირატესობების გამოყენებას, უფრო მეტიც ეს უპირატესობები დაბრკოლებად, ზედმეტ ტვირთად შეიძლება იქცეს… კატეხიზმოში წერია: ცოდნის მომატებით ტანჯვაც გვემატებაო, მაგრამ არასოდეს მიმიღია სხვა ბავშვების მსგავსად კატეხიზმოს გაკვეთილები და შესაბამისად, ამ საფრთხი შესახებადაც არავის გავუფრთხილებივარ. ქრისტიანებს გაუმართლათ, მათ ხომ ბავშვობიდან იციან რამხელა რისკია ინტელექტის გამდიდრებაში და მთელი ცხოვრება ამისგან თავი შორს უჭირავთ. ნეტარ არიან გლახაკკნი სულითა… ვინც ფიქრობს რომ ჭკუა აგვამაღლებს სწორედ ეს ჭკუა არ ჰყოფნის მისახვედრად, რომ ეს მხოლოდ წყევლაა. 

რაღაც პერიოდი ანტუანი ჩაეფლობა საზოგადოების ჭაობში: ფული, წარმატება, პრესტიჟულ წრეებსი ინტეგრაცია მზამზარეული ემოციები და შეხედულებები, როდესაც საჭირო აღარაა ფიქრი სურვილებზე, მორალზე, ქმედებებზე, მეგობრებზე, პირად ცხოვრებაზე, აღარც ყველაფრის შეცნობისა და ძიების საჭიროება არსებობს, რადგან შენი წრე ამ ყველაფრის გასაღებს ხელში გაძლევს…

მოკლედ, წაიკითხეთ და გაიგებთ, იქცა თუ არა ანტუანი მასაში არაფრით გამორჩეულ ,ჩვეულებრივ მასობრივი მოხმარების ნაცრისფერ კრეტინად თუ ისევ ის ინტელექტუალურად განვითარებული იდიოტი დარჩა.. მისი ექსპერიმენტი წაკითხვად ნამდვილად ღირს, კითხვის პროცესს კი განსაკუთრებით  გაგიხალისებთ მარტენ პაჟის ცინიკური თხრობის სტილი, რომლის ეფექტურობა აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

ხელები

იერიქონის ვარდივით მოვწყდი

საკუთარ ფესვებს, უშენო წარსულს,

დავეძებ ჩემი სულის დასაყრდენს ,

მას ცისქვეშეთი საერთოდ არ სურს.

მოწყენილია, მუდამ ეული

ფრთამოტეხილი დაჰყურებს ქალაქს,

რომელსაც თეთრი და აღარც ლურჯი

ანგელოზები უბრალოდ არ ჰყავს.

და ერთადერთი, რაც  აგრძნობინებს,

რომ მიწის ტყვეა ცოტა ხნით მაინც,

შენი ხელები – სრულყოფილება,

სრული სიმშვიდე ზღვისფერი ნავის.

ალბათ მუჭაში იტევ სამყაროს

და ჩემი სულიც თითებზე გიწევს,

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე–

მაჯის ხაზისკენ  მე ცურვას ვიწყებ.

დავხეტიალობ მზიან მინდვრებში,

სიცოცხლის ხაზს რომ აერთებს სულთან,

ვერ ვგრძნობ ზაფხულის ხვატს და სიზანტეს,

შენი ხელების ოაზისს ვსუნთქავ.

და ეს ცხოვრების უტყვი უდაბნოც

გადაიქცევა ისევ სამოთხედ,

მე ვიძირები შენს სიმშვიდეში,

ვივიწყებ ქაოსს, სულს რომ ამბოხებს.

ვრჩები მსახურად, უცნობ რაინდად,

ტყვედ და ერთგულად თბილი ხელების,

არ ვარღვევ სიმეტრიულ ნახაზებს

და ფრთხილად   პულსის სუნთქვას ვეხები:

გთხოვ, გამასინჯო ეგ მაჯისცემა,

ლურჯი ხაზების გავყვები ბილიკს,

მოვუსმენ ჩიტის გულების ფეთქვას

და ასე ერთად შევხვდებით ივლისს.

30.01.2013

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

ერკე მიდასი

სიყვარული ყოველივეს დაგვაძლევინებს

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.