დაიცავი შენი წილი საქართველო

გუშინ იმ უამრავ  ახალგაზრდას შორის, რომელიც დავითგარეჯის დასაცავად მშვიდობიან მსვლელობაში ჩაერთო, ერთ–ერთი მეც ვიყავი . ჩემი თანატოლების მიერ განხორციელებული ამ მასშტაბის აქცია აქამდე არ მახსოვს და მიუხედავად იმისა, მოიტანს თუ არა ის შედეგს, მე მაინც ვიამაყებ ამ ფაქტით. მსვლელობას წინ მიუძღოდნენ შავფაროსნები, რომელთაც ხელში ეკავათ პლაკატი წარწერით: “დავითგარეჯი  საქართველოა! დაიცავი შენი წილი საქართველო!” ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მშვიდობიანად მივედით და პატრულის იმ რამდენიმე მანქანას,რომელიც ფეხდაფეხ მოგვდევდა ხელი არაფერში შეუშლია. პატრულის თანამშრომლები მხოლოდ გვაფრთხილებდნენ, რომ გზის მარჯვენა მხარეს გვევლო და ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელი არ შეგვეშალა.

 

მანამდე კი ვაკის პარკში შეკრებილ ხალხს ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა სიტყვით მოგვმართა და გამოკვეთილად აღნიშნა, რომ დავითგარეჯი მეექვსე საუკუნიდან საქართველოს კუთვნილი ტერიტორიაა და ქართველი ერი არ უნდა შეეგუოს იმას, რომ დღეს აქ მხოლოდ სასულიერო პირები დაიშვებიან და საერო წარმომადგენლებს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ. “ეს საკითხი საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს”–ბრძანა ბატონმა გიორგიმ. გზაში გვხდებოდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც ვერ გაერკვიათ რა მსვლელობა იყო და ალბათ ისევ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამოსული ხალხი ვეგონეთ. “20 წელია ამას გაჰკივიანო”– გაბრაზებით აღნიშნა ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე გაჩერებაზე მდგარმა მოხუცმა. მე ვერ მივხვდი ამ სიტყვებში რას გულისხმობდა და გამეღიმა. ამის საპირისპიროდ, მოსახლეობის ნაწილი აივნებიდან ტაშისკვრით გვამხნევებდა, ზოგიერთი კი მსვლელობას შემოერთდა. მელიქიშვილის გამზირზე წუთიერი დუმილით მივაგეთ პატივი გურამ შარაძის ხსოვნას, რომელიც სწორედ აქ, 5 წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

 

პარლამენტიდან მსვლელობა მთაწმინდის მიმართულებით გაგრძელდა, სადაც გარკვეული მიზეზების გამო მე ვეღარ წავედი, მაგრამ გაგაცნობთ იმ პირობებს, რომელიც აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წაუყენეს: . საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ზემოხსენებულმა მოქმედმა ჩინოვნიკებმა ქართული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები;

2. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმინდა დავით გარეჯის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები. ასევე, საკითხთან დაკავშირებული ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი;

3. საქართველოს ხელისუფლებამ არ გააფორმოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთს აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებად აღიარებს (მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში არსებობს რეალური სფართხე იმისა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სადაო მონაკვეთები მოგვიანებით გამოცხადდეს ალბანური კულტურის ძეგლად და ამ მონაკვეთზე დაიკარგოს საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია).

ამას გარდა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა შექმნან ერთობლივი საგანგებო მთავრობათშორისი კომისია, რომელიც უშუალოდ დავით გარეჯის კომპლექსის საკითხის გადაწყვეტაზე იმუშავებს. აღნიშნული კომისიის მუშაობის მასალები მისაწვდომი უნდა გახდეს ფართო საზოგადოებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის დროულად მისაღებად. კარგი იქნება, თუ აღნიშნული კომისიის მუშაობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და სასულიერო ლიდერები“.

 

P.S. ამ ყველაფრის შესასრულებლად ბოლო ვადა 31 მაისი იყო, თუმცა დღეს დილით საინფორმაციო გამოშვებებმა გვამცნეს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტების გუშინდელი მოლაპარაკების შედეგად, ქართველ ტურისტებს და მომლოცველებს არანაირი პრობლემა აღარ შეექმნებათ დავითგარეჯის ტერიტორიაზე და იქ მიმდინარე პროცესებს ქართველი და აზერბაიჯანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ერთობლივად გააკონტროლებენ.

 

 

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

ერკე მიდასი

სიყვარული ყოველივეს დაგვაძლევინებს

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.